ბოლო ამბები
06/10/2024

მოცეკვავე იამზე დოლაბერიძეს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

გაზიარება

ქართველ მოცეკვავეს, იამზე დოლაბერიძეს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

“მოვლილი მაქვს მთელი მსოფლიო და თბილისის გარდა ცხოვრება არსად არ შემიძლია, მიყვარხართ და დიდი მადლობა, დიდი მადლობა კახას”- განაცხადა იამზე დოლაბერიძემ.

იამზე დოლაბერიძე დაიბადა  1939 წლის 7 დეკემბერს, თბილისში. დაამთავრა ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1958 წელს, მოგვიანებით, 1972 წელს — თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი.

1958-1960 წლებში იყო ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე; 1960-1975 წლებში ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი მოცეკვავეა, აგრეთვე ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი და მხატვარი.

იამზე დოლაბერიძე ქმნიდა მოცეკვავეთა სამოსის ესკიზებს. 1979-2010 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სხვადასხვა ქორეოგრაფიულ სტუდიებში, ასევე მისივე დაარსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იამზეში“; ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლში წარმატებით შეასრულა სოლო პარტიები ცეკვებში: „აჭარული“, „ხევსურული“, „ყარაჩოხელი“; ოპერისა და ბალეტის თეატრში ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში, მათ შორისაა „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ქეთო და კოტე“; აგრეთვე ცეკვავდა ბალეტებში: „ექიმი აიბოლიტი“, „ოტელო“, „მშვიდობისათვის“, „გორდა“.

2015 წლის 10 ივნისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა იამზე დოლაბერიძის ვარსკვლავი.

საპატიო თბილისელის წოდება ყოველწლიურად, თბილისობის დღესასწაულზე ენიჭებათ ქვეყნისთვის გამორჩეულ და დამსახურებულ ადამიანებს.

სხვა ამბების წაკითხვა