იურიდიულმა კომიტეტმა უცხოელებისთვის ბინადრობის მინიჭების გამკაცრებას მხარი დაუჭირა

231
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კანონპროექტი ცვლის საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისა და D5 კატეგორიის ვიზის გაცემის წესებს. ასევე, არეგულირებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ივლიანე წულაიას თქმით, იმისთვის, რომ უცხოელმა ერთწლიანი ბინადრობის მოწმობა აიღოს, უნდა შეიძინოს უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 ათასი დოლარის ეკვივალენტს ლარში,ნაცვლად 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტისა.

ასევე:

უცხოელს შრომითი ბინადრობის ნებართვის აღება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ ის დასაქმებულია ისეთ კომპანიაში, რომელსაც აქვს არანაკლებ 50 ათასი ლარის ბრუნვა ერთ დასაქმებულ უცხოელზე. ასევე, განისაზღვრება მინიმალური ანაზღაურება თითოეული დასაქმებულისთვის და თუ შეწყდა შრომითი ურთიერთობა, კომპანიამ აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს იუსტიციის სამინისტროს იმისთვის, რომ გაუქმდეს შრომის ბინადრობის ნებართვა;

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, თუ მან საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, ნაცვლად 300 000 ლარისა;

მუდმივი ბინადრობის ნებართვის აღების მსურველ უცხოელზე ასეთი ნებართვა თავიდან მხოლოდ 5 წლის ვადით გაიცემა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი ყოველწლიურად წარმოადგენს 120 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში ბრუნვის დამადასტურებელ დოკუმენტს;

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელს, რომელსაც 5 წლის განმავლობაში უდასტურდება ყოველწლიური არანაკლებ 120 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ბრუნვა და ამავე დროს, შენარჩუნებული აქვს 300 ათასი აშშ დოლარის ინვესტირება, შეეძლება აიღოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE