გურამ კაშიას გულახდილობამ საზოგადოების ნაწილი გააკვირვა

341
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში, თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელებთან ერთად ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა.

გურამმა მოსწავლეებთან საკუთარი გამოცდილება გაიხსენა და თქვა, რომ ჩაგვრის მსხვერპლი ბავშვობაში თვითონაც ყოფილა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პრობლემის სხვასთან გაზიარებაა.

“როცა მე სკოლაში დავიწყე სიარული, ფეხბურთი არ იყო პოპულარული. სპორტი არ იყო საერთოდ პოპულარული ახალგაზრდა თაობაში. სკოლაშიც უფრო კრიმინალური მენტალიტეტი აინტერესებდათ. მიხარია, რომ ეს მენტალიტეტი საერთოდ ისპობა და სპორტი შემოდის თქვენში, ბავშვებში.

სკოლაში რომ დავდიოდი, ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა. მეგობრები არ მყავდა, უფრო გოგოებთან ვმეგობრობდი და ვერ ჩავდიოდი იმიტომ, რომ მეშინოდა, იქ “კაი ბიჭები” იდგნენ და მეუბნებოდნენ: “ხურდა მომე, ბიჭო” და მართლა მეშინოდა. პრობლემას გავურბოდი, არავის ვეუბნებოდი, მუცელი მტკივდებოდა, თან მშიერი ვიჯექი სამი გაკვეთილი. ეს სიტყვა – ბულინგიც არ ვიცოდი. სახლში მეუბნებოდნენ, არავინ დაგჩაგროს, არ იტიროო. არადა, ერთი კვირის წინ ვბღაოდი, მამაჩემია ძალიან ცუდად საავადმყოფოში. არ არის სირცხვილი, რომ კაცმაც იტიროს.

მინდოდა, არ შემერცხვინა ჩემი ძმაც. ფულს რომ წამართმევდნენ, მეგონა, ჩემს ძმას ამით შეურაცხყოფას მივაყენებდი. არადა, პირიქითაა, ჩემი ძმისთვის უნდა მეთქვა. ვიღაცას უნდა გაუზიარო, თუ რამის გეშინია, თუნდაც ჩაგვრა არ იყოს. აუცილებლად ისეთი ადამიანი უნდა მონახო, ვისაც ენდობი. შეიძლება ეს იყოს მეგობარი, მასწავლებელი, დირექტორი, შეიძლება ვიყო მეც. შეგიძლიათ “ინსტაგრამზე” მომმართოთ და თქვენი ტკივილი გამიზიაროთ. მე აუცილებლად მოგისმენთ”, – უთხრა გურამ კაშიამ სკოლის მოსწავლეებს.

ფეხბურთელის გულახდილმა საუბარმა სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილის კრიტიკა გამოიწვია და ითქვა, რომ კაშიას ეს ისტორია არ არის სამაგალითო.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE