8 ნოემბერი იყო ნამდვილად შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის, წყალში ჩაეყარათ მთელი ის გეგმები, რომლებსაც ისინი კანდიდატის სტატუსის საკითხს უკავშირებდნენ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 14 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, როდესაც კომენტარი გააკეთა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
“საკმაოდ რთული 20 თვე გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც საქართველომ შეიტანა ოფიციალური განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამ 20 თვის განმავლობაში, სამწუხაროდ კიდევ უფრო მეტად გაღვივდა ქვეყანაში პოლარიზაცია.
სამწუხაროდ, ამ საკითხს, რომელიც წესით გაერთიანების საფუძველი უნდა ყოფილიყო, ოპოზიცია იყენებდა პოლარიზაციის შემდგომი გაღვივებისთვის. ათასი ტყუილი ვრცელდებოდა ამისთვის, ტყუილები იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსზე იყო მიბმული მილიარდობით დაფინანსება და ა.შ. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს – კიდევ უფრო მეტად გაეღვივებინათ ამ საკითხის გარშემო ემოციები საზოგადოებაში.
ეს იყო კლასიკური დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ იმისთვის, რომ პოლარიზაცია გაღვივებულიყო. ასევე შეგახსენებთ, რომ ხორციელდებოდა 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი, იყო რევოლუციის მცდელობა, პირდაპირ, გასული წლის ივლისში, თუმცა, ყველა ეს მცდელობა საბოლოო ჯამში დასრულდა წარუმატებლად. ოპოზიციის წარმომადგენლები ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ ასევე ამა წლის ნოემბერ-დეკემბერზეც, თუმცა, ამ გეგმებს ცივი წყალი გადაესხა, როდესაც ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საბოლოო ჯამში, ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და უკვე გვაქვს დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს