საშინელი კოშმარი ვნახე. ხალხის ალყაში მოქცევა, მოხუცების ჩაწიხვლა, ახალგაზრდების დახეთქილი თავები

344
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ლევან ლორთქიფანიძე 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარ მოვლენებს იხსენებს.

“7 ნოემბერს, რუსთაველზე ხალხის დარბევის შემდეგ, ლამის მუხლებზე დავარდნილი ბებია ამ სიტყვებით ევედრებოდა დედაჩემს სახლში დარჩენას. მამა შინ არ იყო… მაშინ დედა 1992 წლის შემდეგ პირველად გავიდა მიტინგზე. მარტო მიდიოდა. მარტო ვერ გავუშვით, ქეთი და მე დავედევნეთ რიყისკენ მიმავალ გზაზე…

15 წლის ბიჭმა იქ საშინელი კოშმარი ვნახე. ხალხის ალყაში მოქცევა, მოხუცების ჩაწიხვლა, ახალგაზრდების დახეთქილი თავები, შეშლილი გამომეტყველების მქონე უსახო არსებები, საშინელი კვამლი და მისი სურნელება… ტირილი, კივილი, ადამიანები, რომლებიც შველას განწირული ხმით ითხოვდნენ და ვერავინ ვერ უწვდიდა მათ ხელს, ბარათაშვილის აღამართის კედელთან მიმწყვდეული, ჩაქოლვისთვის განწირული ადამიანები. ამ ყველაფერს უკეთებდნენ ხალხს, რომელიც ქუჩასაც არ კეტავდა, პოლიციას არ ესხმოდა თავს, უბრალოდ უსამართლობას აპროტესტებდა.

“ნუ გეშინია, ჩემო ბიჭო, ღმერთი გვიშველის!” ასე მითხრა დედამ… სწორედ მაშინ გასაქცევად მიმავალმა ტაქსმა ჩამოიარა, რომელშიც უამრავი ადამიანი ჩავეტენეთ და სამშვიდობოს გამოვედით. მიმდებარე უბნებში ცხოვრება ჩვეული რითმით მიმდინარეობდა, მხოლოდ გვეკითხებოდნენ, ნეტავ რა მოხდა რიყეზეო!

სახლში მივედით და შუქი არ იყო. გვითხრეს “იმედი” დაარბიესო, “კავკასიაშიც” შევარდნენო, დილით ბათუმის უნივერსიტეტში გადაჯეგეს სტუდენტები… ამას ეძახიან წარსულს, რომელიც უნდა დავივიწყოთ და წინ გავიხედოთ. წინ რომ ვიხედები, მაგიტომ არ მინდა ამ ამბის უბირ, სინანულის არმქონე შემოქმედთა ხელისუფლებაში მობრუნება.”– წერს ლევან ლორთქიფანიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE