ავსტრიაში მცხოვრები ქართველები შეშფოთებულები არიან, მათი თქმით ირაკლი კობახიძემ ქართველებს გაუნათლებლები უწოდა

374
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ავსტრიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ნანა ცხვიტარია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ მოულოდნელ განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ისიც ესწრებოდა, ირაკლი კობახიძემ ქართველების მიმართ შეურაცხმყოფელი შეფასება გააკეთა, კერძოდ, მან თქვა, რომ ისინი არიან გაუნათლებლები.

MULTIMEDIA.GE უცვლელად გთავაზობთ ნანა ცხვიტარიას პოსტს. ამავდროულად დავძენთ, რომ ჩვენ არ ვამტკიცებთ, რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი სიმართლეს.

ჩვენმა შეხვედრამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ცოტა უცნაურად ჩაიარა. 
თავიდან საკმაოდ კეთილგანწყობილი ჩანდა, დაჯდომაზეც კი უარი განაცხადა და მთელი შეხვედრა, რომელიც დაახლ. 2 საათს გაგრძელდა, სულ ფეხზე იდგა. ჩვენ ვაფასებთ ამას, თუმცა მურუსიძე-ჩინჩალაძე-გვრიტიშვილის საკითხზე ისეთი არგუმენტებით საუბარი გვაკადრა, ძალიან ნაწყენი დავრჩი მეც და დანარჩენებიც, რომლებმაც პოლემიკაში შესვლა სცადეს. 

ერთ-ერთი ემიგრანტის კითხვაზე, რატომ არ ჰკითხა ხელისუფლებამ აზრი მოსახლეობას, როცა პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევა გააუქმა, ბატონმა კობახიძემ პირდაპირ უპასუხა, რომ „ხალხს ელემენტარული განათლება არა აქვს და მისი (ხალხის) აზრით მანიპულირება ძალიან იოლია“. მაგალითად მოიყვანა სოციოლოგიური გამოკითხვა (სავარაუდოდ, ბიგვავას გაკეთებული), სადაც გამოკითხულთა 75%-მა სპეციალურად დასმულ შეკითხვას აბსურდული პასუხი გასცა.
ანუ, ხალხი სულელია, მისი აზრი ჩვენთვის საინტერესო არააო , ზუსტად ასე გვითხრა, ჩვენ გვითხრა, გუშინ გვითხრა.”- წერს ნანა ცხვიტარია და იქვე მიმართავს საქართველოს ელჩს დავით დონდუას.

ბატონო ელჩო, პატივცემულო საელჩოვ, Embassy of Georgia to the Republic of Austria
შეხვედრის დროს ძალიან ბევრჯერ დაგვაყვედრეთ, პარლამენტის თავმჯდომარე, ვციტირებ – „ამხელა კაცი“, ასეთი დატვირთული დღის მერე, რომ გვხვდება და შეკითხვებით ნუ ვაწუხებთ.

თქვენი ამ შენიშვნების გამო მეც და იმ მყოფმა ბევრმა ადამიანმა თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენით.  ჩემი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე დიახაც უნდა შემხვდეს და უპასუხოს ჩემს შეკითხვებს, 7 წელიწადში ერთხელ კი არა, უფრო ხშირად და ინტენსიურად.

მე ის ავირჩიე, მე ვარ ხალხის ნაწილი, მე მისი ხელისუფლებაში ყოფნის წყარო ვარ და იგი ანგარიშვალდებულია ჩემს წინაშე, წერტილი”- წერს ცხვიტარია და მიმართვას ირაკლი კობახიძეს.

PS. დღეს გამოცდა მაქვს, მაგრამ გუშინ თქვენთან შეხვედრაზე მაინც მოვედი, რადგან ვგრძნობ ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებებს.

მე და კიდევ ჩემი ბევრი მეგობარი ჩავაბარებთ ამ და ბევრ გამოცდას, რომ საქართველოს პარლამენტის არცერთმა თავმჯდომარემ არასდროს არ მოგვახალოს, რომ ხალხი გაუნათლებელია და მისი აზრი არ აინტერესებს.  ჩვენ სულელები არ ვართ და კიდევ მოვა არჩევნები”- მიმართავს ნანა ცხვიტარია პარლამენტის თავმჯდომარეს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE