განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ჩანაწერს სახელწოდებით “მიშა და თალგამი” რომელიც ქართულ ოცნებაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ერთგვარი ანალიზია.

ჩანაწერში ყურადღება არის გამახვილებული ოცნების უკვე ყოფილ დეპუტატებზე და მიხეილ სააკაშვილის როლზე, რომელიც მისივე თქმით, სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება.

“ერთ მშვენიერ დღეს სააკაშვილი მიხვდა, რომ თალგამის ამოძირკვას ვერც მარტო თვითონ და ვერც მხოლოდ მელიას და გვარამიას დახმარებით ვერ შეძლებდა. თალგამი ჯანმრთელია, დიდი და ღონიერი.

მის მოთხრას გრძელი ჯაჭვი სჭირდება: ბაბუა, ბებია, შვილიშვილი, ფინია, ფისო, წრუწუნა…და ა.შ. ეს ჯაჭვი თალგამს უკეთესად რომ ჩააფრინდეს, ბუნებრივია, პირველ რგოლებს მასთან მეტი სიახლოვე უნდა ჰქონდეთ – უფრო მეტი ვიდრე ‘ნაციონალურ მოძრაობას’.

ამიტომ, ეს პირველი რგოლები უნდა დაკომპლექტდნენ ‘უქოცესი’ ‘ქოცებით’, რომლებიც ყველაზე ახლოს მიდიან თალგამთან. ამ რგოლების მოძებნაც არ გაუჭირდა მიშას. სასამართლოში საქმის მოგვარების სანაცვლოდ, ქრთამის აღების ფაქტზე გაკეთებული სავარაუდო ჩანაწერით [სარწმუნო წყაროს ინფორმაციით] მან ჯერ ეკა ბესელია გადააბა გვარამიაზე. ქალბატონმა ეკამ მიიღო დავალება, რომ ბოლომდე დარჩენილიყო და შიგნიდან დაენგრია „ქოცნება“, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა მისი გარიცხვა გადაწყვიტა – ქალბატონმა ეკამ დაასწრო მოვლენებს და თვითონ გავიდა უმრავლესობიდან.

თან შექმნა „17 დასახვრეტის“ ნარატივი და გარიცხვის შიშით პანიკაში ჩავარდნილი რამდენიმე კოლეგაც გაიყოლა. ასე დაიწყო ჯაჭვმა დაგრძელება. სააკაშვილი-გვარამია-ბესელია-ფოფხაძე-გოგიჩაიშვილი… და უცებ, მოწმენდილ ცაზე ზვიად კვაჭანტირაძეც ჩაება.

ზვიად კვაჭანტირაძის მიერ უმრავლესობის დატოვების ამბავმა ქართულ მედია-სივრცეში მეხის გავარდნის ეფექტი მოახდინა. მისგან ამ ნაბიჯს არავინ ელოდა. ბატონი კვაჭანტირაძე არც ლევან გოგიჩაიშვილივით ემოციური ფიგურაა და არც გედევან ფოფხაძესავით მერყევი პიროვნება, რომელმაც უმრავლესობის დატოვების და მასში დაბრუნების მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

კვაჭანტირაძეს წლების განმავლობაში სერიოზული, გაწონასწორებული კაცის იმიჯი ჰქონდა. საზოგადოებას არც მისი პროტესტი ახსოვს რომელიმე საკითხზე. კვაჭანტირაძის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა უმრავლესობა მისთვისაც კი მოულოდნელი იყო. ამას ისიც ცხადყოფს, რომ ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინათ ბაქოში ოფიციალური ვიზიტით ახლდა. ბუნებრივია, დეპუტატი, რომელიც უმრავლესობის დატოვებას აპირებს, ასეთ ვიზიტში უმრავლესობის სახელით მონაწილეობას არ მიიღებდა.

მაშინ რა მოხდა? რატომ მიიღო ზვიად კვაჭანტირაძემ ასეთი მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილება?

როგორც სარწმუნო წყარო იტყობინება, ამ კითხვაზე პასუხი ზვიად კვაჭანტირაძის და ეკა ბესელიას საეჭვო ურთიერთობებშია. ეკა ბესელია წლების განმავლობაში მმართველი გუნდის საკმაოდ გავლენიანი წევრი იყო.

მისი კორუფციისადმი სავარაუდო მიდრეკილება არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ეკა ბესელიამ მმართველ გუნდში მისი გავლენის გამოყენებით საკმაოდ მძლავრი კორუფციული ქსელის აწყობა და მასში უმრავლესობის ზოგიერთი წევრის ჩართვაც მოახერხა, – იტყობინება წყარო.

მათ შორის არის ზვიად კვაჭანტირაძეც. ქალბატონმა ბესელიამ მოახერხა და ზვიად კვაჭანტირაძის კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობა ფირზე აღბეჭდა, რამაც კვაჭანტირაძე ბესელიას ხელში მართვად მარიონეტად აქცია, მაუწყა იმავე სანდო წყარომ.

ეკა ბესელიამ, რომელსაც განზრახული აქვს მმართველი გუნდის იმიჯი ყოველდღიურ რეჟიმში დააზიანოს, აამოქმედა კვაჭანტირაძეზე მის ხელთ არსებული კომპრომატი და მას, უმრავლესობის სასწრაფო წესით დატოვება მოთხოვა. ზვიად კვაჭანტირაძეც საკუთარი თავის გადასარჩენად დათანხმდა ბესელიას მოთხოვნას, მისთვის უჩვეულო, დემარშის გზას მიმართა და უმრავლესობა დატოვა. მაღალი ალბათობით, ამ ტანდემის კორუფციული საქმიანობის შესახებ ალბათ კიდევ ბევრ რამეს გავიგებთ, მაცნობა იმავე წყარომ.

აი, ამგვარად ეჯაჯგურებიან და ჯერჯერობით ძვრას ვერ უშვებიან თალგამს, მაგრამ მიშას ჯაჭვი თანდათან გრძელდება. მას ემატებიან პოეტები, ქალაქელი აშუღები, ბანკირები, აქედან ანტანტის ელჩობა, იქიდან ‘იმპერსკი’ ‘სტატს-სეკრეტარი’ და ბოლო-ბოლო … ძალა ხომ ერთობაშია?!

P.S. ეს ვრცელი მოსაზრება-ვარაუდი კი, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, საკმაოდ სანდო წყაროს მიერ მოწოდებულ ამბებს ეფუძნება…”– წერს გია აბაშიძე.

თქვენი კომენტარი?