ბოლო ამბები
12/12/2024

რასაც მე ბოლო დღეების მანძილზე ვაკვირდებოდი,- ეს იყო უკვე გარდაცვლილი ოთარ იოსელიანის ჩაქუჩით დანგრევის მცდელობა

გაზიარება

რასაც მე ბოლო დღეების მანძილზე ვაკვირდებოდი,- ეს იყო უკვე გარდაცვლილი ოთარ იოსელიანის ჩაქუჩით დანგრევის მცდელობა”– წერს სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი რეჟისორ ოთარ იოსელიანთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და მის პოლიტიკური მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით  საზოგადოებაში აზრი ორად გაიყო.

სიმართლე გითხრათ, გამაოგნებელ “მოსაზრებებს” გავეცანი ოთარ იოსელიანთან დაკავშირებით.

ხალხს არ უყვარდაო, ვერ დაიმსახურა ხალხის სიყვარულიო. რა საინტერესოა, ვინ და როგორ გაზომა,- უყვარდა თუ არა ოთარ იოსელიანი ქართველ ხალხს? მე მგონია, რომ უყვარდა და უყვარს, ვინაიდან უყვარდა და უყვარს ოთარ იოსელიანის შემოქმედება… სწორედაც რომ ქართული, ამასთან, ზოგასაკაცობრიო… ძალიან არასტანდარტული, გაბედული, ღირებული, საინტერესო, ღრმა შემოქმედება.

ახლა კამათს ნუ გააჩაღებთ იმაზე, შეიტანა თუ არა ოთარ იოსელიანმა წვლილი მსოფლიო კინოს განვითარებაში, წააგებთ, ვინც იტყვით, რომ არ შეუტანია! შეიტანა!!! ქართველმა რეჟისორმა თავისი პროფესიული სივრციდან გაუთქვა სახელი ჩვენს სამშობლოს. მსოფლიოს აჩვენა, რომ უზადოდ ნიჭიერი ერი ვართ. ჩემი აზრით, საშინლად შურიანი და ბოღმა, მაგრამ ნიჭიერი ერი. ეს პასუხი “ბრალდებაზე”, რას აკეთებდა იოსელიანი უცხოეთში.

ახლა სხვა “მოსაზრება”, რომ ხალხის გასაჭირზე ხმას არ იღებდა, არ იზიარებდა ქართველი ხალხის ტკივილს და სიხარულს. ძალიან კოჭლი “მოსაზრებაა”.
მე ბევრს გავიხსენებ, ვისაც ქართველი ხალხის ტკივილზე ხმა არ აღუმაღლებია, მეტიც, ბოროტებას ემსახურებოდნენ, მაგრამ გადასარევად გრძნობენ თავს. დავიწყოთ დასახელება? იცით, რა შორს წავალთ. ამ ხალხს არაფერი ღირებული არ შეუქმნია საქართველოსთვის, გარდა საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვისა და სრულიად დაუმსახურებლად ასხდნენ ქვეყანას კისერზე.

დღესაც გვყავს ასეთები და ვატყობ, სულ გვეყოლება. ოთარ იოსელიანმა კი შექმნა და დატოვა!!! საქართველოს კი არ წაართვა, დაუტოვა. ის იყო დიდი ხელოვანი, მსოფლიო დონის ქართველი ხელოვანი და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მის კონკრეტულ მოსაზრებებს არ იზიარებდე, ეს ვერ აკნინებს იოსელიანის ნიჭიერებას.

არ იმსახურებს ოთარ იოსელიანი ჩვენგან ასეთ ჩასაფრებულ და უსამართლო დამოკიდებულებას.

რასაც მე ბოლო დღეების მანძილზე ვაკვირდებოდი,- ეს იყო უკვე გარდაცვლილი ოთარ იოსელიანის ჩაქუჩით დანგრევის მცდელობა. გააჩერეთ ეს ჩაქუჩი. საკმარისია. ძალიან უხერხულად გამოიყურება ყველა, ვისაც ჰქონია, რომ ოთარ იოსელიანს ან ხელი მოამტვრია ან ყური ან ცხვირი ან საერთოდ დაანგრია. ვერ ანგრევს ჩაქუჩი ასეთ ხელოვანებს.”- წერს ირმა ინაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა