„იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა, კონკრეტულ მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა. ასევე, იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი გავრცელებული არ იყო, ფასების მკვეთრი ზრდა.
მსგავსი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული“– აღნიშნულის ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფოს ყოველთვის მკაცრი რეაგირება ექნება.
„სამწუხაროდ, დამატებით ტენდენციაა, როდესაც ისეთი მედიკამენტების, რომლებიც რეცეპტული არ არის და შეიძლება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ან ვიტამინებს ეხებოდეს, ფასებიც იზრდება და რეცეპტებში ამას ხელოვნურად წერენ. თუმცა ამაზეც ყოველთვის გვექნება მკაცრი რეაგირება. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე და ასეთი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად თავიდან იქნება აცილებული.
„ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ გარიგებას. ჩვენ მოქალაქეების კეთილდღეობაზე ყოველთვის ვიზრუნებთ, მსგავს ფაქტებზე კი მკაცრი რეაგირება გვექნება.
ფარმაცევტული კომპანიები პაციენტებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ. ჩვენ ადრეც გავაჟღერეთ, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე სამჯერ-ოთხჯერ გაიზარდა ფასები და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა, რის გამოც ადამიანები თვეების განმავლობაში რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე. ამაზე სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება.”- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „პსპ ფარმა“, „ავერსი“ „ფარმადეპო“ „ჯიპისი“ და „მერმისი“ 52 797 934 ლარით დააჯარიმა.
მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები მოსახლეობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. კერძოდ „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები წარადგინეს.
ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მაქსიმალური ფინანსური მოგების მიზნით, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ, კარტელურ გარიგებას.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან,არაჯანსაღი კონკურენციის, ფასების ხელოვნური ზრდის, შეთანხმებული ქმედებებისა და მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის ფაქტები, მიმდინარე წელს, არაერთხელ გამოავლინა.
დაფიქსირდა 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატები და იდენტური ფასები მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ იყო ამოქმედებული;
გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები;
გამოვლინდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან , ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე (დეპაკინი ხრონო), ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები.
ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია მსგავსი არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. უწყებას თითოეულ დარღვევაზე ექნება მკაცრი რეაგირება.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს