თბილისის ბიუჯეტი 1 მილიარდ 963 მილიონი ლარი გახდება

130
ნახვა/წაკითხვა

დედაქალაქის გასული წლის ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა, ხოლო საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით არის შესრულებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოყოლილი თანხები და დამატებითი შემოსავლები მთლიანად აისახება 2024 წლის ბიუჯეტში.

„2023 წელი საკმაოდ წარმატებით დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, მისი შესრულება, დაახლოებით, 100 მლნ ლარით არის გადაჭარბებული. გარდა ამისა, გარკვეული თანხები წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოგვყვა, რომელიც დამატებით შემოსავლებთან ერთად, მთლიანად აისახება მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც 1 763 000 000 ლარის ოდენობით დამტკიცდა, გახდება 1 963 000 000 ლარი, რაც საშუალებას მოგვცემს, ქალაქისთვის უფრო მეტი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განვახორციელოთ. პირობას გაძლევთ, რომ 2024 წელი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მოსახლეობა გაიგებს, თუ რაში დაიხარჯება დამატებითი რესურსები და ქალაქისთვის მნიშვნელოვან რომელ ღონისძიებებს მოხმარდება.

„მსგავსი ბიუჯეტი დედაქალაქს ჯერ არ ჰქონია. რაც შეეხება დამატებით რესურსებს, ამასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.