ბოლო ამბები
12/09/2024

საპატრიარქოს განცხადება უთუოდ საზოგადოების ზეწოლის, გიორგი კანდელაკის ვიდეოსა და ნატა ფერაძის მშვიდობიანი და გაბედული სამოქალაქო აქტის შედეგია

გაზიარება

საპატრიარქოს განცხადება უთუოდ საზოგადოების ზეწოლის, გიორგი კანდელაკის ვიდეოსა და ნატა ფერაძის მშვიდობიანი და გაბედული სამოქალაქო აქტის შედეგია”- ასე ეხმიანება ლაშა ბუღაძე საპატრიარქოს განცხადებას დედა მატრონას ხატთან დაკავშირებით.

“სტალინი ასე თუ ისე წითელი ხაზი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის (“ოცნების” ხელისუფლების გარდა – მათ პირში ჩაიგუბეს წყალი), მაგრამ მე სხვა საკითხმაც დამაფიქრა ამ დღეებში და ეს ალბათ იმის ბრალია, რომ სათანადოდ არ ვიცნობ მეოცე საუკუნის საეკლესიო ისტორიასა და ჩვენი საზოგადოების რელიგიურ-ეთიკურ          აღქმებს…

მე ნამდვილად არ ვიცოდი, რამხელა ავტორიტეტი ჰქონიათ ჩვენი საზოგადოების ნაწილში ახალ რუს წმინდანებს – მაგალითად, აქტუალურ ნეტარ მატრონას… ან აგერ ქსენია პეტერბურგელს… ზოგმა წმ. ვიტალიც ახსენა… ეს სახელები პირველად გავიგე…
“ოცნების” პროპაგანდის ბრალდებების მიუხედავად, ჩემთვის – ისევე, როგორც არაერთისთვის, ვისაც “უღმერთოებსა” და “ათეისტებს” გვიწოდებენ – გულწრფელად სათუთია სხვისი რელიგიური აღქმა-გრძნობები და ამ შეკითხვებსაც ერთმნიშვნელოვნად პატივისცემით, ყოველგვარი ირონიის გარეშე ვსვამ:

რამ განაპირობა რუსი წმინდანების ეგზომ დიდი პოპულარობა ჩვენი საზოგადოების ნაწილში? რატომ არის, მაგალითად, ნეტარი მატრონა, წმინდა ვიტალი, სერაფიმე საროველი ან ალექსანდრე მესამის აღმსარებელი იოანე კრონშტადელი უფრო “ახლო” და სათუთი მავანთათვის, ვიდრე თუნდაც წმ. გრიგოლ ფერაძე, ან ექვთიმე ღვთისკაცი…

გულწრფელად, ცოტა მეუცნაურა, წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის ერში ეგზომი ეგზალტაცია რუსი წმინდანების მიმართ – იმის გათვალისწინებით, რომ ცხადია მესმის, მართლმადიდებლურ და, ზოგადად, რელიგიურ ეთიკაში პრინციპში დიდი მნიშვნელობა არც აქვს წმინდანის ნაციონალობას… თუ იქნებ აქვს, როცა საქმე მაინც (!) რუს ნეტარს, რუსულ “სულსა” და “რუსულ სამყაროს” ეხება, რომლის შემადგენელიც ცხადია უდავოდ არის ნეტარი მატრონა და მისი კულტი?! თუ არ არის?

მართლმადიდებლური საიტები და გამოცემები გადავსებულია ლეგენდებით რუს წმინდანებზე და ცხადია ესეც მესმის, რომ ეს ეკლესიური ადამიანის საზრდოა, მაგრამ ჩემი შეკითხვა ისევ და ისევ პოლიტიკური ფობიით არის ნაკარნახევი და არა,

ვიმეორებ, ვინმეს მიმართ უპატივცემულობის:

რუსული წმინდანების კულტივირებით კიდევ უფრო მეტად ხომ არ ვებმით “რუსულ სამყაროს”?

მატრონასა და წმ. ვიტალის მაღიარებელთა შორის ისეთებსაც მოვკარი თვალი, რომლებიც თავიანთი ანტირუსული პათოსითა და ქმედებით გამოირჩევიან და სწორედ ამან გამაკვირვა – შესაძლებელი თუა ამ ყველაფრის გამიჯვნა თუ ისინიც რუსული სამყაროს ჰიბრიდული გავლენის უნებლიე ადეპტები არიან?!
თუ ეს არც არის გავლენა?

არის თუ არა შესაძლებელი, იღწვოდე რუსული სამყაროს გავლენისგან გათავისუფლებისთვის და იმავდროულად რუსული რელიგიური კულტურა იქციო იდენტობის ნაწილად?!

შესაძლებელი თუა ერთდროულად ქართული რაობის შენარჩუნებაც და რელიგიის რუსული “პრიზმით” აღქმა? კიდევ ერთხელ: ჩემი შეკითხვები უცოდინრის შეკითხვებია და იმპერატიულობის არანაირი პრეტენზია არ მაქვს…
უბრალოდ, ვიმეორებ, არ მეგონა, თუ ნეტარი მატრონა ასეთი “ცნობილი” წმინდანი იყო ჩვენში…

როგორც მიხეილ ჯავახიშვილის ერთი პერსონაჟი იტყოდა, “არ მცნობია ჩემი ერი”  – წერს ლაშა ბუღაძე.

ამ თემაზე:

საპატრიარქო მიმართავს დედა მატრონას ხატის შემწირველებს, რომ ცვლილება შეიტანონ ხატწერის დეტალებში

სხვა ამბების წაკითხვა