ვაღიარებ ნიკოლოზ რაჭველის ღვაწლს, მაგრამ კატეგორიულად ვგმობ მის და მისი თანამოაზრეების აგრესიას – გია ყანჩელი

484
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კომპოზიტორი გია ყანჩელი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის საკითხთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს.

„უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც ვიმეორებ, რომ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი საკუთარ სახლს იმსახურებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დაპირისპირების და იერიშების გარდა სხვა ყველა საშუალება ამოწურულია.

პრობლემის მოსაგვარებლად ერთადერთი გზა მეგულება – თანაარსებობა ურთიერთპატივისცემის პირობებში. შესაბამისად ჩემი სახელით და კონტექსტიდან ამოღებული გამონათქვამებით სარგებლობა მიუღებლად მიმაჩნია. ჩემი კეთილგანწყობა ამა თუ იმ კოლექტივისა, თუ მუსიკოსის მიმართ არ ნიშნავს ჩემს მონაწილეობას დაპირისპირებებში.

ერთნაირად ვცემ პატივს როგორც სახელმწიფო კოლექტივს ასევე საკონცერტო დარბაზში მოღვაწე კერძო კომპანიას. დღესაც ვაღიარებ ნიკოლოზ რაჭველის მუსიკალურ მონაცემებს და მის ღვაწლს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აღორძინებაში, მაგრამ კატეგორიულად ვგმობ მის და მისი თანამოაზრეების მიერ სოციალურ ქსელში და მასმედიაში გავრცელებულ აგრესიას.

საზოგადოებას კი ჩემს მრავალწლიან გამოცდილებას გავუზიარებ და მოვახსენებ, რომ პროფესიული მუსიკის მხარდაჭერა და განვითარება დიდი ფუფუნებაა როგორც განვითარებულ, ასევე ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში. ასეთი მატერიალური ტვირთის ტარება მხოლოდ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით თუ გახდება შესაძლებელი.

და ბოლოს, მინდა გავამახვილო საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს 2007 წელს არ აღმოაჩნდა უნარი, შეენახა და დაეფინანსებინა ქალაქის ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი და მის მართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა კერძო სექტორს დაეკისრა. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენი ქვეყანა მზად აღმოჩნდება ფილარმონიული ცხოვრების აღორძინება ბიუჯეტიდან უზრუნველყოს ისე, როგორც ეს ხდება ევროპის განვითარებულ ქვეყნებში“, – ნათქვამია გია ყანჩელის წერილში.

შეგახსენებთ,  ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით რომ, დააბრუნონ თბილისის საკონცერტო დარბაზში რომელიც მათთვის აშენდა.

როგორც ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა, ორკესტრი იმსახურებს, რომ ჰქონდეს მუდმივი სარეპეტიციო ადგილი, სადაც შეეძლებათ საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტების ჩატარება.

2007 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი/ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით შპს “ინთერნეიშენალ ივენთსს” გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3,115,146 ლარის და $177,102 დოლარის დავალიანება ერიცხება.

როგორც ქონების ეროვნულ სააგენტოში განმარტენ, ამ ეტაპზე ხდება იმ მიზეზების განხილვა, რომლის გამოც კომპანიამ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.

თქვენი კომენტარი?