პირდაპირ ვეუბნები საქართველოს ხელისუფლებასაც და ქართველ საზოგადოებასაც, ძალიან გვიახლოვდება რუსეთთან ახალი ომის საფრთხე, ცეცხლს ვეთამაშებით

324
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ირმა ინაშვილი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი, “პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანი.


“საქართველო ნატოს ერთადერთი არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნებისთვის პრაქტიკულად სავალდებულო კრიტერიუმს წარმატებით აკმაყოფილებს, ერთგვარი მოხალისეები ვართ- მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი, 2, 2%-ი მიდის თავდაცვის სისტემის დაფინანსებაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ღიად საუბრობს იმაზე, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა უახლოეს წლებში ეს დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ს უნდა დაუახლოვონ. როგორც ვატყობ, საქართველოს ხელისუფლება აქაც მოწინავეთა რიგებში ჩადგება და ხალხს ვეუბნები: ნუ გაგიკვიდებათ, თუ გერმანიაზე, საფრანგეთზე, ბელგიასა და ლუქსემბურგზე ადრე სწორედ საქართველო გამოყოფს თავდაცვისთვის მშპ-დან 4%-ს, ხოლო ნატო ისევ გვეტყვის, რომ კარი ღიაა, მაგრამ ვერ მიგვიღებს!

ისე, ყველას შევახსენებ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც 70 000 ბავშვი დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს ანუ შიმშილობს. 900 მილიონზე მეტი – ჯარს, ნატო-გვეფერება, მაგრამ არ გვიღებს და მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იდან კიდევ 20%-ით, (ახლა გავიგეთ, რომ ეს უკვე 24%-ია) „ჯაველინებს“ და „სტინგერებს“ ვყიდულობთ და კაცი რომ დაფიქრდეს, რუსეთთან თუ თურქეთთან ომის შემთხვევაში, დიდი- დიდი 1 საათით გავიხანგრძლივებთ თავდაცვას, თორემ ამ მეზობელ ქვეყნებს კლასიკური ტიპის რომ ომს ვერ მოვუგებთ, ეს, იმედია, ყველას კარგად ესმის.

ახლა დააკვირდით: 2018 წლის მაისში ბელგიის მაშინდელმა პრემიერმა განაცხადა, რომ ბელგიის მთლიან შიდა პროდუქტში თავდაცვის დაფინანსების წილი დაახლოებით 1%-ია და მთავრობამ სერიოზულად უნდა იფიქროს,- აქვს თუ არა ბელგიას იმისი საშუალება, რომ დაიწყოს ნატოს სტანდარტის დამკვიდრება და მთლიანი შიდა პროდუქტიდან თავდაცვის დაფინანსებაზე 2%-ის გამოყოფა.

ცნობილია, რომ 2017 წლის ივნისის მონაცემებით, ნატოს 29 წევრი ქვეყნიდან თავდაცვის 2%-იან სტანდარტს აკმაყოფილებდა მხოლოდ ამერიკა, საბრძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, რუმინეთი და პოლონეთი. 2018 წელს თავდაცვის ხარჯი გაზარდეს ბალტიისპიერთის ქვეყნებმა, ნიდერლანდებმა, მაგრამ იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნებში ამას ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების ფართო ფენების სერიოზული პროტესტი მოჰყვა. ღიად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს სოციალური ვალდებულებების შესრულებას და არავის სჭირდება ამდენი ტანკსაწინააღმდეგო ტექნიკა, თუ პენსიონერი, მრავალშვილიანი ოჯახი, ომის ვეტერანი არ იქნება მატერიალურად დაცული.

კანადამ 2017 წელს საერთოდ შეამცირა თავდაცვის ხარჯები,- 11%-ით. იტალიაც ამცირებს ამ ხარჯს, თავდაცვაზე ჰქონდა მშპ-ის 1,15%. ესპანეთში იყო სერიოზული უკმაყოფილება და პროტესტი. გერმანია, იცით, როგორ წინააღმდეგობას უწევს მთლიანი შიდა პროდუქტიდან თავდაცვის ხარჯების გაზრდის დირექტივას ნატოს მხრიდან.

გერმანიის მთლიან შიდა პროდუქტში თავდაცვის ხარჯი არაა 2%-ი, არამედ 2018 წელს იყო 1,23%-ი. ევროპის ყველაზე წამყვანი ეკონომიკის ქვეყანაზე ვსაუბრობთ, რომელიც ამბობს, რომ 1,5%-იან მაჩვენებელზე მხოლოდ 2024 წლისთვის ავა. გასაგებია, რომ ზემოხსნებული ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენი ქვეყნის, მაგრამ ჩვენ- საქართველომ ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე უნდა დავსახოთ თავდაცვის მიზნები. 2,2%-ი დღეს ესაა თავდაცვაზე გამოყოფილი თანხა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტიდან. ესაა მთელი 900 მილიონ ლარზე მეტი! ამ 900 მილიონში დაახლოებით 300 მილიონის ეკონომია თავისუფლადაა შესაძლებელი.

ახლა მხოლოდ თავდაცვის დაფინანსებაზე ვსაუბრობ, მუნიციპალიტეტებზე, სხვა სამინისტროებზე, სიპებზე რომ ვსაუბრობდეთ, ჯამში, უაზროდ გაბერილი საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციის ხაჯზე, ეკონომიის სახით, მილიარდზე მეტ თანხას მივიღებდით და ეს საშუალებას მოგვცემდა, რომ ყოველწლიურად 10 000 ოჯახს დაეწყო ოჯახური ბიზნესი, ათიაათასობით ადამიანი დაგვეპურებინა, სოციალური სახლები, უფასო, მუნიციპალური საავადმყოფოები აგვეშენებინა.

სხვა ვარიანტი- 300-400 მილიონის ფარგლებში ყოველწლიურად შეგვიძლია კონკრეტულ ქვეყნებთან სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებები დავდოთ და ათასობით ქართველი ახალგაზრდა სასწავლებლად გავაგზავნოთ იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთში. გვაქვს კონკრეტული ხედვა, გეგმა, ამაზე 9 აპრილს ქუთაისის შეკრებაზე ვისაუბრებთ.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკვე ვყოფილიყავით ნატოს წევრი. ბევრჯერ მითქვამს, ჩვენ ვიმსახურებდით და ვიმსახურებთ ამას! და არ ვიმსახურებთ ათწლეულების მანძილზე გვეუბნებოდეს ნატო, რომ კარი ღიაა, მაგრამ ამ ღია კარში ვერ შევალთ. ნუთუ არ გვესმის, რას გვეუბნება რეალურად ნატო. გვეუბნება- ვითანამშრომლოთ, მაგრამ სრულფასოვანი წევრობისთვის კარი დაკეტილია! ამასობაში, გულმოდგინედ ვშრომობთ, ჩვენივე ბიუჯეტით ვყიდულობთ “ჯაველინებს”, “სტინგერებს”, ვაწარმოებთ წვრთნებს, საერთაშორისო მისიებში, ამასაც ჩვენ ვაფინანსებთ, ყველაზე დიდი რაოდენობით ქართველი სამხედროები არიან წარმოდგენილნი (800-დან 1000 სამხედრო) და შედეგი რა გვაქვს- ღია ანუ დაკეტილი კარი.

საქართველოში, სამწუხაროდ, შექმნილია იმგვარი პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური ვითარება, რომ საკუთარი თავი მოვამწყვდიეთ ერთ ჩარჩოში. თუ კი ვინმე გაბედავს განსხვავებულ კონცეფციაზე საუბარს, ყველას ქვეყნის მტრად აცხადებენ.

ჟენევის ფორმატის აუცილებლობაზე ვინ კამათობს, მაგრამ ახალი ფორმატების რატომ გვეშინია? იყოს ჟენევის ფორმატი, იყოს კარასინი-აბაშიძის ფორმატი და დავამატოთ ახალი ფორმატი: საქართველო-ნატო-რუსეთი. მეტიც, დავსხდეთ ხვალვე და დავიწყოთ ვითარების რეალური ანალიზი, რისკების რეალური შეფასება, მეტი გაბედულება გამოვიჩინოთ ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისას, ნუ გვიხარია მარტო ის, რომ ნატომ შეგვაქო, რადგან ისედაც მშიერ ხალხს ფული მოვაკელით და თავდაცვაზე მშპ-ის მთელი 2%-ი გადავისროლეთ.

იმაზე ვიფიქროთ, რომ ახალი ტერიტორიები არ დავკარგოთ, მართლა დამოუკიდებლობა არ დავკარგოთ და არ დავრჩეთ რუკაზე: თბილისი- საგარეჯო.

ახლა პირდაპირ ვეუბნები საქართველოს ხელისუფლებასაც და ქართველ საზოგადოებასაც, პარლამენტსაც და დეპუტატებსაც: ყველას გვესმის სინამდვილეში, რომ ძალიან გვიახლოვდება რუსეთთან ახალი ომის საფრთხე. ცეცხლს ვეთამაშებით. ამ ცეცხლს “ჯაველინი” ვერ ჩააქრობს, დიპლომატია, გონივრულობა, დიალოგი, ჭკვიანური ნაბიჯები ჩააქრობს. ამაზეც 9 აპრილს, ქუთაისის შეკრებაზე ვისაუბრებთ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE