თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველ შენობას დაანგრევენ და მის ადგილზე ახალი კლინიკა აშენდება.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობი, შენობის დანგრევის გადაწყვეტილება კლინიკის წინაშე არსებული მასშტაბური პრობლემებისა და გამოწვევების, ასევე, ხუთი სხვადასხვა ექსპერტული დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული.
“პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. ჩატარებულმა კვლევებმა, კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა.
სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია, ძირითად შემთხვევაში, შეუძლებელი და არარენტაბელურია.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, გამოწვევად რჩება კლინიკის სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, ასევე – კლინიკური და ფინანსური გამოწვევები.
ასევე, გამოწვევად რჩება კლინიკის თანამშრომელთა უსაფრთხოებაც. ძლიერი ქარის შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა. ჩაიმსხვრა მინები და საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოცვივდა.
შენობაში, პაციენტთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება შრომის ინსპექციის სამსახურმა და რეგულირების სააგენტომ შეამოწმა.
შრომის ინსპექციის მოკვლევის ოქმში აღნიშნულია, რომ მწვავე ავარიულ მდგომარეობაში არსებული და დაზიანებული ფასადიდან მუდმივად ხდება სამშენებლო ელემენტების ცვენა როგორც კლინიკის შიდა ეზოში, ისე – გარე პერიმეტრზე, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს დასაქმებულების, პაციენტებისა და ვიზიტორების დაშავება.
შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა.”- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით,ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება.
“ცვლილებების შედეგად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი.
აქვე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი.
რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში, მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას გულისხმობს. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს.”– აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს