ქართველი მომღერლების საქველმოქმედო საღამო პარიზში

334
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით, 3 მაისს, პარიზში, მდინარე სენაზე, გემ  Le Diamant Bleu -ზე საქველმოქმედო საღამო გაიმართება, რომლის განსაკუთრებული სტუმარი იქნება ლეგენდარული  ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მომღერლები: ეკა მამალაძე, სტეფანე მღებრიშვილი, გერმანული „ვოისის“ გამარჯვებული ნათია თოდუა, მიშა სულუხია, პაატა ანდრიაძის ბენდი, აჩიკო ბერიძე, ზურა მახნიაშვილი და მსახიობი დუტა სხირტლაძე. ახალგაზრდა დიზაინერი ანანო გელოვანი წარმოადგენს ხელნაკეთი ქსოვილებით შექმნილი სამოსის ჩვენებას, იუველირ-დიზაინერი მარინა ნაცვლიშვილი კი ექსკლუზიური სამკაულების კოლექციას გამოფენს.

როგორც საღამოს ორგანიზატორები, საქველმოქმედო ფონდ „გზაჯვარედინისა“ და „ივენთ ლუქსის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ღონისძიებაზე მაქსიმალურად იქნება წარმოჩენილი საქართველო, როგორც დიდი კულტურული მემკვიდრეობის ქვეყანა და ტურისტულად საინტერესო ლოკაცია. საღამოზე საქართველოს შესახებ გაცნობითი ხასიათის ფილმი იქნება ნაჩვენები. ასევე, ვახშამზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ უგემრიელესი ქართული ტრადიციული კერძები, ღვინო, მინერალური წყალი და სხვა კულინარიული ვარიაციები. ქართულ ტრადიციულ სუფრას თანამედროვე ევროპულ ელფერს შესძენენ ფრანგული ბრენდის, „მსოფლიო კულინარიული გიდი გო’ე’მიოს“ ქართველი მზარეულები, გურამ ბაღდოშვილის თაოსნობით.

„ასეთი ღონისძიება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას. ქართული კულტურის, ძველი და თანამედროვე ხელოვნების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა კულტურის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – აცხადებს ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა გელოვანი.

ორგანიზატორების განცხადებით, საღამო საქველმოქმედოა და შესული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „გზაჯვარედინში“ გადაირიცხება, რომლის  მიზანი მზრუნველობამოკლებული მოზარდების დახმარებაა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE