თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიუი დეპარტამენტის უფროსი, ექიმი ნინო ოთარიშვილი ამავე კლინიკის შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო მსვლელობაში, რომელიც 28 იანვარს გაიმართება.
“მე ვარ ნინო ოთარიშვილი, 56 წლის, რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. ეს ჩემი ოფიციალური სტატუსია, სინამდვილეში კი ვარ უბრალოდ ექიმი, რომელსაც უზომოდ უყვარს საკუთარი პროფესია და ადამიანი.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრის მერე მოვხვდი, თსსუ პირველი კურსის სტუდენტი და ამაყი ვარ, რომ მედიცინის ამ ალმა მატერში, ბუმბერაზი ადამიანების მოსწავლე ვიყავი, რომლებმაც პირველ რიგში პასუხისმგებლობა და კაცთმოყვარეობა მასწავლეს.
მათთან ერთად ღირსეულად გავიარე 1989 წლის 9 აპრილი, სამხედრო გადატრიალება თუ თბილისის ომი, ზვიადისტთა მიტინგების არაერთი დახვრეტა, ცხინვალისა და აფხაზეთის კონფლიქტები, შევარდნაძის ტერაქტი, 2008 წლის ომი და კოვიდ-პანდემია და ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი ამ კედლებში, ვცდილობ, იგივე სულისკვეთება სტუდენტებსაც გადავცე…
ჰოდა, ჩემს, ჩვენს სახლს დანგრევით ემუქრებიან! ყველას, ვისთვისაც ოდნავ მაინც მნიშვნელოვანია რესპუბლიკური საავადმყოფო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი და ტრადიცია, მოგიწოდებთ, ერთად დავდგეთ და სოლოდარობის აქციის მსვლელობისას ცოცხალი ჯაჭვი შევკრათ მის გარშემო! გელით ყველას, კვირას 13.00 სთ რესპუბლიკურის ეზოში!”- წერს ნინო ოთარიშვილი.
შენობის დემონტაჟის აუცილებლობაზე საუბრობს ჯანდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტიზით დგინდება, რომ რეაბილიტაცია შეუძლებელია და უნდა მოხდეს კლინიკის შენობის დანგრევა და მის ადგილზე ახალი, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საავადმყოფოს აშენება.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს