ბოლო ამბები
11/10/2024

კომპანია “მაგთიკომი” მოითხოვს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ კახა ბექაურის ქმედებები და საქმიანობები შეისწავლოს

გაზიარება

კომპანია “მაგთიკომმა” ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რეჟდენ კუპრაშვილს, კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელ კახა ბექაურის ქმედებების შესწავლის მოთხოვნით მიმართა.

წერილი მაგთიკომის ვებსაიტზე გამოქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ:

„ბატონო რაჟდენ, როგორც თქვენთვის ცნობილია, 2024 წლის 12 იანვარს გაიმართა, 2024 წლის განმავლობაში შესამოწმებელ თანამდებობის პირთა შერჩევისათვის, სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 08 დეკემბრის №72 ბრძანებით შექმნილი, დამოუკიდებელი კომისიის სხდომა და მონიტორინგის მიზნებისათვის შეირჩა შესამოწმებელი თანამდებობის პირები. ამ სიაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და კორუფციის მაღალი რისკის ფაქტორ(ებ)ის გათვალისწინებით, შედის კახი ბექაური – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

წინამდებარე წერილით თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ რამდენიმე ქვემოთ მითითებულ გარემოებაზე, რომელიც ვფიქრობთ რომ შესაძლოა წარმოადგენდეს თქვენი ინტერესის სფეროს და ამავდროულად მოითხოვდეს თქვენი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში სათანადო რეაგირებას, კერძოდ:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) 2018 წლის 2 აგვისტოს #455/22 გადაწყვეტილებით საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მედიააკადემია“. „მედიააკადემიის“ წესდებით (მუხლი 5) აკადემიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და წარმოადგენს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ერთპიროვნულად ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე. “მედიაკადემიის” ხარჯები საკმაოდ სოლიდურია და ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს შეადგენს, თუმცა ამ ხარჯების დეტალიზაცია არ არის საჯარო და გამჭვირვალე. „მედიააკადემიის“ კონკრეტული ბიუჯეტის და მისი დეტალიზებული ხარჯვითი ნაწილის ფარულობის პარალელურად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეკა ბერიძე (კომისიის თავმჯდომარის მეუღლე) 2020 წელს გვევლინებოდა ხსენებული იურიდიული პირის კონკრეტულ აქტივობებში, თუმცა ვინაიდან ამ ორგანიზაციის ხარჯვითი ნაწილი რატომღაც არასაჯაროა, უცნობია აღწერილი პირების თანამშრომლობის კონკრეტული პირობები, მათ შორის, ანაზღაურების ნაწილი. ამასთან, კომისიის ბიუჯეტის ხარჯვა საკუთარი მეუღლის რეკლამირებაში შემდეგი სლოგანით -„ისწავლე საუკეთესოსგან“, როგორც ჩანს, კომისიის თავმჯდომარეს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის;

2. კახი ბექაურის 2022 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით იგი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს “სხვა არხის” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი. ჩვენთვის უცნობია ამ საწარმოს საქმიანობის სფერო, თუმცა მისი სახელწოდებიდან გამომდინარე იგი შეიძლება განეკუთვნებოდეს კომისიის რეგულირების სფეროში მყოფ საწარმოს;

3. კახი ბექაურის 2022 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით იგი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს “ორი ნაბიჯის” 33,33%-იანი წილის მფლობელი, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის (მონაცემების) მიხედვით მას საკუთარი წილი არ აქვს გადაცემული სამართავად სხვა პირისათვის, ხოლო ამ საწარმოდან მან 2022 წელს დივიდენდის სახით მიიღო 14 820 782,23 ლარი;

ზემოთ აღწერილ გარემოებებთან დაკავშირებით აი რას ამბობს “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” (ძველი სახელწოდება – საქართველოს კანონი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ) შესახებ საქართველოს კანონი:

“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” შესახებ საქართველოს კანონი

მუხლი 2, პუნქტი 1 – „ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები: …

ს) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი“;

მუხლი 3

“1. კორუფცია საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა.

2. „კორუფციული სამართალდარღვევა“ არის ქმედება, რომელიც შეიცავს კორუფციის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

3. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობა“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის დაპირისპირება საჯარო დაწესებულების ინტერესებთან”.

მუხლი 4 – „ამ კანონის მიზნებისათვის:

ა) „ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი“;

მუხლი 10

“1. საჯარო მოსამსახურეს, პირადი ინტერესიდან გამომდინარე, ეკრძალება: ….

დ) თავის ოჯახის წევრთან ან ახლო ნათესავთან დადოს ქონებრივი გარიგება, როგორც საჯარო მოსამსახურემ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით დადებული გარიგება ბათილია.

მუხლი 13

“1. თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუცია, ორგანული კანონი, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2. საჯარო მოსამსახურეს, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა, არ აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი ან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის მიერ სამედიცინო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ან საავიაციო სფეროს სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში განხორციელებული საქმიანობისა, აგრეთვე საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საქმიანობისა, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად). საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. საჯარო მოსამსახურის მიერ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

3. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციიდან, რომელსაც სამსახურებრივად ზედამხედველობს.

5. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში.

6. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი.

8. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა შეუძლია.

11. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ, ეკავოთ რაიმე თანამდებობა ან ასრულებდნენ რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.

12. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ, ფლობდნენ აქციებს ან კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.

14. თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი ვალდებულია ამ თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა.

16. თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ:

ა) მან ან მისმა ოჯახის წევრმა დაარღვია ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები;”

მუხლი 134

2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:

ა) ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე;

ბ) მიიღოს ზომები ინტერესთა შეუთავსებლობის ნებისმიერი შემთხვევის დაუშვებლობისათვის;

გ) განაცხადოს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნამდე/არჩევამდე ან დანიშვნის/არჩევის შემდეგ, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდება ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტი.

ამ ყველაფრის ფონზე, დარწმუნებულები ვართ რომ კანონს რეალურად მიეცემა კანონის ძალა და არ დარჩება თქვენი მხრიდან რეაგირების გარეშე.

ამასთან, ფაქტობრივად დღეს კომისიას ხელმძღვანელობს პირი, რომელიც ამ ფუნქციის შესრულებაში წლიურად ხელფასის სახით იღებს 202 734 ლარს, ხოლო სამეწარმეო საქმიანობიდან (უშუალოდ წილის მართვის შედეგად) მხოლოდ 2022 წელს მას დივიდენდის სახით მიღებული აქვს 14 820 782,23 ლარი.

გამოსაკვლევია ხომ არ იყენებს ბატონი ბექაური კომისიის თავმჯდომარის სტატუსს და უფლებამოსილებას საკუთარი პირადი და ოჯახის კეთილდღეობისათვის. თქვენ გაქვთ საშუალება, მათ შორის, გადაამოწმოთ ბატონი ბექაურის მეუღლის ქალბატონ ეკა ბერიძის საბანკო ანგარიშებზე “მედიააკადემიიდან” ჩარიცხული თანხები.

მოგიწოდებთ დეტალურად შეისწავლოთ წერილში აღწერილი ფაქტები“, – ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

 

სხვა ამბების წაკითხვა