მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება – კახა კალაძე

142
ნახვა/წაკითხვა

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაციის სურვილს გარკვეული დროის განმავლობაში არცერთი კომპანია გამოთქვამდა, რის გამოც, პროცესი დროში გაიწელა.

„მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა ფიქსირდებოდა, რადგან არცერთი კომპანია არ გამოთქვამდა სურვილს ტენდერში მონაწილეობა მიეღო. სავარაუდოდ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება ამხელა მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაზე, თუმცა მოიძებნა კომპანია, რომელიც ამჟამად ასრულებს სამუშაოებს და რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მეტროსადგურ „ავლაბარს, თბილისის მერის თქმით, თავდაპირველ პროექტში ცვლილებების საჭიროება დადგა, რადგან მეტროსადგურის ვესტიბიულის დემონტაჟი განხორციელდა.

„რეაბილიტაციის პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რადგან არსებული ვესტიბიულის დემონტაჟი განხორციელდა, რომელიც ძალიან მძიმე, ავარიულ მდგომარეობაში იყო. ზოგადად, რეაბილიტაციის ნებისმიერი პროექტის დროს, პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, რეალურად რა ხდება, რა მდგომარეობაა ადგილზე. როდესაც უშუალოდ სამუშაოები ხორციელდება, უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგებით. თუ რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეიქმნა, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციაც ზაფხულში დასრულდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.