განათლების მინისტრად გიორგი ამილახვარი დაინიშნა, რომელიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა.
„დღეს წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, გიორგი ამილახვარს. მანამდე, მინდა გითხრათ, რომ მე უკვე შევხვდი მიხეილ ჩხენკელს, რომელმაც საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. მინდა აღვნიშნო, რომ მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო. ოთხი წელი ემსახურა ჩვენს მთავრობას, ქვეყანას, ახალგაზრდა თაობას.
მან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი. მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილება და სურვილი იყო, რომ იგი დაუბრუნდეს თავის აკადემიურ საქმიანობას. ჩხენკელი გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.
მინდა, ჩვენი გუნდის, მთავრობის, ჩემი სახელით მადლობა გადავუხადო მიხეილ ჩხენკელს გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები მის შემდგომ საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“ჩვენ გვინდა და შევქმნით აუცილებლად ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შეთავაზებენ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.
„აუცილებლად დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ მათ ამ პროცესში განათლების პროცესის კარგად დასრულებისთვის,“- აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარი 2021 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
2018-2019 ამილახვარი იკავებდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას; 2010-2020 წლებში იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში; 2008-2010 წლებში ლიეტუვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ საქართველოს ფილიალის, „სავერუს ჯორჯიას“ მთავარი იურისტი; 2007-2008 მუშაობდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
გიორგი ამილახვარს განათლება სამართალმცოდნეობის სპეციალობით აქვს მიღებული. მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.