ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხატია დეკანოიძემ შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვოს.
თავად დეკანოიძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ამ საკითხზე ნაფიქრი აქვს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, შესაბამისად, ის თავად გააჟღერებს ამ ინფორმაციას, თუ გადაწყვეტს წასვლას.
“ჩემს გადაწყვეტილებას მათ შორის, ნებისმიერი პოლიტიკური სახის გადაწყვეტილებას გამცნობთ ჩემი მხრიდან, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი ყველა ნიუანსით და ყველა მიზეზით. გეტყვით, რომ ამაზე ნაფიქრი მაქვს.
ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი მე არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება იქნება ჩემს მიერ გაჟღერებული.
ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებს გვაქვს პასუხისმგებლობა ხანდახან ვიმუშაოთ იმ ატმოსფეროში, რომელიც არ მოგვწონს, ამიტომ ვფიქრობ და ამასთან დაკავშირებით, ვისურვებდი, რომ საქართველოს პარლამენტში სრული სამუშაო შემადგენლობით წარმოდგენილი იყოს „ნაციონალური მოძრაობა“. მე დარღვეული მაქვს ბოიკოტი, მე არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, მე მაქვს აზრთა სხვადასხვაობა ჩემს კოლეგებთან და მქონდა, მათ შორის, მძიმე საუბრები და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პოზიცია არის სწორი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.