სამარშრუტო მიკროავტობუსების ხაზები, რომელიც თითქმის მთელ დედაქალაქს აკავშირებდა ერთმანეთთან, მოიხსნა. ამის მიზეზად კი დასახელდა საცობები, გადატვირთული მოძრაობა და გამონაბოლქვი.
როგორც დედაქალაქის მერია ამბობს, მოქალაქეები ეტაპობრივად უნდა გადასხდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე (ავტობუსი/მეტრო) და დაინერგოს მოძრაობის, გაჩერებისა და გადაადგილების ერთგვარი კულტურა.
ერთ დღეს, მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომ მათ უბანში აღარ დადის მიკროავტობუსი, რომელიც ქალაქის ცენტრთან აკავშირებდა. დარჩა მხოლოდ მოკლე მანძილზე მოძრავი სამარშრუტო ტაქსები, რომელიც მაქსიმუმ ახლომდებარე მეტროსადგურამდე მიდის, შემდეგ კი იწყება მთავარი… მეტრო, რომელსაც მგზავრები გაორმაგებული რაოდენობით მიაწყდნენ, ვინაიდან მერიამ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა.
Multimedia.ge-ს ესაუბრა მოქალაქე, რომელსაც ყოველდღიურად უხდება გადაადგილება გარეუბნიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით და პირიქით.
“ყოველდღე სამსახურში წასასვლელად მჭირდება 1 სამარშრუტო ტაქსი მეტრომდე, მეტროს ორი ხაზი და წაროიდგინე რა კატასტროფას გავდივარ.
აქამდე თუ 40-50 წუთში სამსახურში ვიყავი, ახლა საათზე მეტი გზაში ვარ.
15 წუთი მხოლოდ ახმეტელის შესასვლელში ვდგავარ, რომ ტურნიკეტამდე მივიდე და მერე როგორც იქნება შევაღწევ მეტროს მატარებლეში, თუმცა წინ მეორე ჯოჯოხეთი მელოდება, მეორე ხაზზე გადასვლა, გავიხედავ და საბურთალოს ხაზზე რიგი, კიბის საფეხურებიდან იწყება.
ჩემი მოთხოვნა არის ის, რომ შეიმუშავონ გეგმა, რომელიც გამიმარტივებს მგზავრობას, 1 წელია ამ პრობლემის წინაშე ვართ, მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები დაგვიწერეს, მაგრამ არაფერი შეცვლილა.
ქალაქის მერს ვეტყვი – მოვიდეს და ჩემთან ერთად გაიაროს ის გზა, რასაც სამსახურამდე გავდივარ, უბრალოდ გვერდზე დამიდგეს, მეტს არაფერს”– განაცხადა მოქალაქემ ჩვენთან საუბრისას.
ამ საკითხზე Multimedia.ge-მ არაერთხელ მოამზადა მასალა, დავუკავშირდით დედაქალაქის მერიასაც, თუმცა სატელეფონო ოპერატორმა მხოლოდ სტანდარტული ბიუროკრატიული პასუხი გაგვცა და გვითხრა, რომ ჩვენ კითხვებზე პასუხის მისაღებად უნდა გავგზავნოთ ოფიციალური წერილი და ამის შემდეგ გვიპასუხებენ.
გიორგი ლაღიძე – Multimedia.ge/ Multinews.ge