ბოლო ამბები
01/05/2025

ერთი ბავშვია, არ დავასახელებ, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი და ჯერ 14 წლისაც არ არის – ვახტანგ გომელაური

გაზიარება

“ერთი ბავშვია, არ დავასახელებ, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი და ჯერ 14 წლისაც არ არის”- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 20 მარტს, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში საუბრისას, როდესაც ისაუბრა არასრულწლოვნების დანაშაულებებზე.

„არასრულწლოვანების პრობლემა ნამდვილად არის. მეც არ მინდა, რომ ეს ბავშვები დავაკავოთ, გინდა თუ არა, ციხეში ჩავსვათ. [დაკავება] რა თქმა უნდა, არასწორია და მე ამას არ ვემხრობი 14 წლამდე. თუმცა იყო ასეთი შემთხვევები, გლდანში დავაკავეთ, როცა სრულწლოვანი ხელმძღვანელობდა ამ ბავშვებს, აორგანიზებდა მაღაზიების გატეხას, ტელეფონების მოპარვას. იყო ორი შემთხვევა, როდესაც დავაკავეთ. იყო შემთხვევები, როდესაც არ მისცეს პასუხისგებაში – არ გვქონდა იმდენი მტკიცებულებები.

ერთი ბავშვია, არ დავასახელებ, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, ჯერ 14 წლისაც არ არის, ასეთი რაღაც, ალბათ, ისტორიაში არ არის, მე მგონი არც უცხოეთში იქნება, არც რუსეთში. ბავშვი, რომელსაც 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, აფთიაქში დანით შესვლა, წართმევა და ასე შემდეგ.

ყველა იცნობს უკვე, მთელი პოლიცია, მათ შორის მეც ვიცნობ ამ ბავშვს უკვე. თუმცა მოვიყვანთ, მოვა დედა, დაწერს განცხადებას, ბოდიში, ტირილი, რაღაც… წავა. ვუშვებთ ამ ბავშვს, ვერაფერს ვერ ვუზამთ.

მეორე თემაა, ვმუშაობთ იუსტიციასთან, ჯანდაცვასთან, განათლებასთან ერთად, ის მოდელი, რაზეც ბოლოს შევჯერდით, გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს ეს საცხოვრებლები, სადაც იზოლირებული იქნებიან.

უფლება არ ექნებათ, როგორც ეს ბავშვთა სახლშია, რომ მიიყვან და მეორე დღეს ისევ ქუჩაში დგას და რაღაცას აფუჭებს. მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება, ოღონდ ის იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები.

რამდენიმე ბავშვი იქნება, სკოლა, მასწავლებლები, აღმზრდელები, განათლება, სპორტი. 3-თვიანი, 6 თვიანი, ერთ წლიანიც არის, მაგალითად, გერმანიაში საფრანგეთში. ამ მოდელზე ვმუშაობთ იუსტიციის სამინისტრო და ჩვენ . სხვა გამოსავალი 14 წლამდე ბავშვებთან დაკავშირებით ვერ ვნახეთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სხვა ამბების წაკითხვა