ტელეკომპანია “პოსტვ”-ის ფეისბუქ გვერდზე განცხადება ქვეყნდება, რომელიც ეხება თათია სამხარაძის მიერ, მის ბინაში გადაღებულ ვიდეოს:
“სამდღიანი ეპოპეის შემდეგ, თათია სამხარაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ საკუთარ სახლში იმყოფება. სავარაუდოდ, ყოფილი ტელეწამყვანი დიმიტრი ჩიქოვანის საცხოვრებელი ბინიდან მაშინ გააპარეს, როდესაც “პოსტვ”-ის გადამღები ჯგუფი პირდაპირი ეთერისთვის ჩართვაზე იდგა.
ვიდეოში ისმის თათია სამხარაძის ქოშინი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ ნარბენმა ჩაწერა ვიდეო 22:01 წუთზე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სამხარაძე ჩიქოვანის მეზობლად იქვე წერეთელზე ცხოვრობს, სახლამდე მისარბენად დიდი დრო არ უნდა დაჭირვებოდა. თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ თათია სამხარაძემ მის მიერ ჩაწერილი ვიდეო ჩაწერიდან მხოლოდ 18-19 წუთის შემდეგ დადო პირად ფეისბუქგვერდზე. ვის დასტურს ელოდებოდა თათია სამხარაძე ვიდეოს დასადებად?!
სავარაუდოდ ის ნაც.მოძრაობის პიარსამსახურის დასტურს ელოდებოდა, და მხოლოდ მისი მიღების შემდეგ ატვირთა ვიდეო. თათია სამხარაძემ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის სახლში სამი დღე და ორი ღამე გაატარა.
მას შემდეგ რაც, ტელეკომპანია “პოსტვ”-მ სამხარაძე-ჩიქოვანის კონსპირაციული შეხვედრის შესახებ შეიტყო და გადამღები ჯგუფები ადგილზე მივიდნენ, თათია სამხარაძე ჩიქოვანის საცხოვრებელი ბინიდან 3 დღის განმავლობაში არ გამოვიდა. როგორც ჩანს, ის ვერ ბედავს ტელეკამერებთან გამოჩენას და კითხვაზე პასუხის გაცემას, რატომ იყო ის კეზერაშვილის ცოლის ძმის სახლში და რა საკითხს განიხილავდა დიმიტრი ჩიქოვანთან სამი დღისა ორი ღამის განმავლობაში?!”– წერია “პოსტვ”-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში.