“მე ვარ პოლიტიკური პატიმარი, ამერიკაში სამართალი მოკვდა”- ასე გამოეხმაურა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა 30 მაისს დაადგინეს.
“მათი ავადმყოფური მიზნები მარტივია: ისე გააფუჭონ მართლმსაჯულება ჩემი სახელის წინააღმდეგ, რომ ჩემმა მხარდამჭერებმა, ჩემი სახელის გაგონებისას გადააფურთხონ, მაგრამ ეს არ მოხდება.
დღეს ისტორიაში ბნელი დღეა, მაგრამ თქვენი (მხარდამჭერების) პასუხი უფრო გაანათებს, ვიდრე 1000 მზე. მე ვიცი, ჩემ გვერდზე დგომით ჩვენ გავიმარჯვებთ”- ამბობს ტრამპი.
აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქმიანი მონაცემების გაყალბების 34 შემთხვევაში, რითაც ტრამპი იქცა აშშ-ის პირველ პრეზიდენტად, რომელსაც ბრალდება დაუმტკიცდა.
მსაჯულები ორი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ ამ საქმეზე, სანამ 30 მაისს განაჩენს გამოიტანდნენ. განაჩენის გამოტანისთვის მათ ერთხმად უნდა დაესკვნათ, რომ ტრამპმა – რომელიც მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო კანდიდატია – თავისი კომპანიის დოკუმენტაციაში ყალბი მონაცემები შეიტანა ან სხვა პირს უბიძგა ამის გაკეთებისკენ, და რომ ის მოქმედებდა სხვა დანაშაულის ჩადენის ან დაფარვის განზრახვით.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს