“ასე თუ გაგრძელდა, ოცნება უბრალოდ პირწმინდად წააგებს არჩევნებს და ეგ იქნება”– წერს სოციალურ ქსელში “ალტ-ინფო”-ს ერთ-ერთი ლიდერი შოთა მარტინენკო.
მისი თქმით, ერთადერთი შანსი არის კონსერვატიული ფლანგის კონსოლიდაციაში.
“არაფერი იმაზე სახიფათო არ არის, როგორც მოწინააღმდეგის და ძალთა რეალური ბალანსის შეუფასებლობა:
ამ დღევანდელ ვიდეოზე გირჩის წევრის, ცოტნე კობერიძის ქუჩაში გალახვა სცადა, სავარაუდოდ, ოცნების მიგზავნილმა ხალხმა. და ძალიან საინტერესო და მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ჩვეულებრივი გამვლელები გირჩელს გამოექომაგნენ, ოცნების ხალხს დაუპირისპირდნენ და გააქციეს.
ასევე დაიდო ვიდეო, სადაც ოცნების დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს პარკში ვიღაც ქალი დაუპირისპირდა აგენტების კანონის მხარდაჭერის გამო და როცა ვიქტორ სანიკიძემ შეკამათება დაუწყო, ამ ქალს რამდენიმე შემთხვევითმა გამვლელმაც აუბა მხარი სანიკიძის წინააღმდეგ, ოცნების დეპუტატის მოქომაგე კი არავინ გამოჩნდა. და თუ ქალი, რომელმაც თავდაპირველად დაუწყო სანიკიძეს კამათი, შეიძლება მიგზავნილი აქტივისტიც ყოფილიყო (რაც არ ვიცით, ასეა თუ არა, დიდი შანსია, არც ის იყოს მიგზავნილი), დეპუტატის წინააღმდეგ კამათში ჩაბმული დანარჩენი ადამიანები აშკარად ჩვეულებრივი გამვლელები იყვნენ.
მანამდე იყო ფორთოხლის გამყიდველთან ბოდიშის მოსახდელად მისული სხვა დეპუტატი, სადაც ისევ აქეთ დაუპირისპირდნენ ოცნებას შემთხვევითი მაღაზიის მეპატრონეები.
ანუ, რაც კი მსგავსი დაპირისპირების ვიდეო დაიდო ამ დღეებში, ყველგან ჩვეულებრივი გამვლელები ოცნების წინააღმდეგ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედება ყოველთვის უფრო სარისკოა ხოლმე.
რეალურად ეს ძალიან სახიფათო სიგნალია და ამ მოცემულობის იგნორირება არ შეიძლება. თუ რამე დამღუპველი და მავნებლურია ახლა, პირველ რიგში უსაფრთოხების ილუზიების კულტივირება და ამით უმოქმედობის წახალისებაა. ფაქტი ის არის, რომ ბოლო ორ თვეში ოცნებამ საინფორმაციო კამპანია პირწმინდად წააგო, დიდი რეპუტაციული ზიანი მიიღო და ამომრჩევლის იმხელა პროცენტი დაკარგა, რომ დაქირავებული ხალხის გარდა ძალიან იშვიათადღა თუ შერჩა დამცველი.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ქუჩაში ნაცები და გირჩები უპრობლემოდ გადაადგილდებიან, ოცნებას კი ყოველ ნაბიჯზე პრობლემები ექმნება არა მხოლოდ დაქირავებული აქტივისტებისგან, არამედ ჩვეულებრივი გამვლელებისგანაც.
ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოდ ჰგავს 2012 წლის ზაფხულის პერიოდს, როცა ნაცებს ეგონათ, რომ ვითარება ხელში ეჭირათ, რეალურად კი მათი დამცველი სისტემის იქით აღარავინ იყო. ასე თუ გაგრძელდა, “ოცნება” უბრალოდ პირწმინდად წააგებს არჩევნებს და ეგ იქნება.
ერთად-ერთი რეალური შანსი, აქ ვითარების გადატეხვის და კოლექტიური პროდასავლელი ნაცების რევანშის არდაშვების, კონსერვატიული ფლანგის კონსოლიდაციაში და მათ მიერ არჩევნებზე იმ კრიტიკული მასის მიყვანაშია, რომელიც ერთის მხრივ ოცნების, და მეორეს მხრივ მედასავლეთე აგენტების სახით მოძულებულ არსებულ პოლიტიკურ ელიტაში საკუთარ პოზიციას ვერ პოულობს.”- წერს შოთა მარტინენკო.
იხილეთ ვიდეოები:
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს