ბოლო ამბები
30/04/2025

შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება – სახალხო დამცველის კონსილიუმის ახალი დასკვნა

გაზიარება

სახალხო დამცველთან არსებულმა ექიმ-ექსპერტთა ჯგუფმა 2023 წლის 19 თებერვალს მოინახულეს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში”.

დღეს კი გამოქვეყნდა მორიგი დასკვნა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით:

პაციენტის მდგომარეობა:

საგრძნობი დამძიმება 4 დეკემბრის (ბოლო ვიზიტი პაციენტთან) შემდეგ.

ობიექტური გამოკვლევით: გამოხატულია მძიმე სარკოპენია. პაციენტმა დაიკლო კიდევ 5.7 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო. წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 125/75-იდან 60/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების კიდევ უფრო დაქვეითება

შთაბეჭდილება:

1. სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია.
2. ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

პროგნოზი და რისკები:

1. პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში. შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას.

ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში. მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.

2. გაღრმავებულია პერიფერული და აუტონომიური ნევროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას.

ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანების/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით.”- წერია დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერენ:

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:
/გიორგი გრიგოლია/
/გრიგოლი ხურციძე/
/გიორგი კაჭარავა/
/გიორგი პაპიაშვილი/
/თენგიზ წულაძე/
/ნინო ზავრაშვილი/

სხვა ამბების წაკითხვა