“ტვ 24-თან დაკავშირებით, რომელიც ჩემი ოჯახის საკუთრებაა, მინდა ნათელი მოვფინო ჩვენ მონაწილეობას ტელევიზიაში მომხდარ გაუგებრობასთან დაკავშირებით, რასაც ქალბატონი ნანა ლეჟავა თაღლითობას უწოდებს და უშვერი სიტყვებით ილანძღება.”- წერს TV 24-ის მფლობელი შოთა შალელაშვილი სოციალურ ქსელში და ამბობს, რომ ნანა ლეჟავას მიერ გაჟღერებული ბრალდებები არის ცილისწამება.
შალელაშვილის თქმით, ნანა ლეჟავასა და არხის სხვა თანამშრომლების მიერ ტელევიზიის გაჩერებას, მისი ოჯახი აფასებს, როგორც მათ წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციას და მიზანს, არ ყოფილიყო ეთერში ერთადერთი ობიექტური ტელევიზია.
“დასაწყისათვის მინდა გითხრათ, იმიტომ რომ, ეს იყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი ტელევიზია, სამუშაო პროცესის დაწყებიდან ქალბატონ ნანასთან არავითარი შეხება არ მქონია და ბუნებაშიც არ არსებობს არცერთი შემთხვევა, რომ რაიმე ფორმით ჩარეული ვიყავით მის მართვაში, და ის რომ ხელფასები არ გადაუხადეს არის ურცხვი ცილისწამება, პირიქით, ბიუჯეტით გათვალისწინებულის ნაცვლად მეტი მიიღეს.
ჩვენმა ოჯახმა როდესაც შეიძინა ტვ 24-ის ლიცენზია, გადაწყვეტილი გვქონდა არჩევნების შემდეგ დაეწყო მაუწყებლობა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ყურადღება და დრო სჭირდებოდა ტელევიზიის შექმნასა და მის ეთერში გასვლას, რაც ფიზიკურად ჩვენ არ შეგვეძლო.
ჩემმა მეგობარმა და პოლიტიკურმა პარტნიორმა სანდრო თოფურიამ, რომელსაც ქალბატონი ნანა ლეჟავა, ასევე ათასგვარ ცილს სწამებს – მითხრა, რომ ქალბატონი ნანა ლეჟავა გაიცნო და ის ჩაუდგებოდა ტელევიზიას სათავეში, რაზეც ჩემმა მეუღლემ თანხმობა მისცა, ქალბატონ ნანასთან არავითარი მოლაპარაკება არც კომერციულ, არც არხის რედაქციის პოლიტიკაზე არავითარი მონაწილეობა ჩვენ არ მიგვიღია, ჩვენ ქალბატონ ნანას და სანდროს განვუცხადეთ, რომ ჩვენ ვაშენებდით დაბალბიუჯეტიან ტელევიზიას და მოვუნიშნეთ ტელევიზიის ბიუჯეტი და თანამშრომლების რაოდენობის რიცხვი.
აქედან მოყოლებული, ჩვენ ტელევიზიასთან დაკავშირებით არავითარი კონტაქტი და ურთიერთობები აღარ გაგვაჩნდა, გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც სანდროს წარუდგენდნენ ბიუჯეტით გაუთვალისწინებელ ხარჯებს, რასაც რა თქმა უნდა ჩვენ არ ვთანხმდებოდით.
ტელევიზიის ეთერში გაშვებიდან ოცი დღის თავზე ქალბატონმა ნანამ და კოლექტივმა შეწყვიტეს მაუწყებლობა ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ჩვენ ამ ყველაფერს ვაფასებთ ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილ პროვოკაციად, რომელიც ქალბატონი ნანას მეშვეობით განახორციელეს, რომლის მიზანიც იყო პოლიტიკური ზიანი მიეყენებინა ჩემი უმწიკვლო რეპუტაციისათვის.
რაც შეეხება კონფლიქტის მიზეზს, თუ საიდან, რა და როგორ დაიწყო, ორივე მხარის მოსმენის შემდეგ, მე ვთვლი, რომ სრული თავისუფლებისათვის და ტელევიზიის მართვის სადავეების ჩაგდების მიზნით, გადაწყვიტეს სანდროს ჩამოშორება, რაზედაც, რა თქმა უნდა ჩვენ არ დავეთანხმეთ, სანდროს რეკომენდაციით მოყვანილ ხალხს, სანდროსვე მოშორება უნდოდათ, ამიტომ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ამ კოლექტივის იმედზე ვერ დავრჩებოდით სანდროს გარეშე.
მქონდა მცდელობა, რომ გაუგებრობა გადამელახა და დამესვა ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან, ყველაფერი გამეკეთებინა რომ ტელევიზია არ გამორთულიყო, მაგრამ ქალბატონმა ნანამ კატეგორიულად არ მოისურვა არაფრის მოსმენა, საიდანაც მე დასკვნა გამომაქვს, რომ მას დაავალეს ქვეყანაში ერთადერთი ობიექტური ტელევიზია, რომელიც არავითარ დავალებებეს არ იღებდა მეპატრონისგან, არ ყოფილიყო ეთერში.
P.S. ბატონი სანდრო თოფურია თუ ჩათვლის, რომ ისაუბროს ქალბატონ ნანასთან კონფლიქტის მიზეზებზე, დარწმუნებული ვარ ის მას გააკეთებს ისეთი ფორმით, როგორიც მის ადამიანობას შეეფერება, მისი ზრდილობა და აღზრდა, შეაძლებინებს მას იყოს კორექტული მიზეზებზე საუბრის დროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს მისთვის.”- წერს შოთა შალელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნანა ლეჟავამ TV 24 დატოვა და არხის მფლობელები თაღლითობაში დაადანაშაულა.
იხილეთ ამ თემაზე:
ტელევიზიის გახსნიდან 1 თვეც არ გასულა – ნანა ლეჟავამ TV 24 დატოვა
თაღლითები, დღე მეორე – არ გავჩერდები – ნანა ლეჟავა TV 24-ში მიმდინარე ამბებზე
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს