ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში – როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, დამნაშავედ იქნა ცნობილი.
თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, ე.წ შთანთქმის კანონის მიხედვით, საბოლოოდ მას 11 წელი მიესაჯა.
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საერთო ჯამში სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი, საიდანაც ერთზე – კრიპტოვალუტის მითვისებაზე, განაჩენი დადგა, დანარჩენ ორზე, კერძოდ, “მტკვარი ჰესის” და სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეებზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი ბაჩიაშვილი მოკლე კომენტარით გამოეხმაურა
“სამარცხვინო”- დაწერა ბაჩიაშვილმა ფეისბუქზე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს