ბოლო ამბები
20/03/2025

გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს

გაზიარება

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს – მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეუცვალა.

რაც ეხება მის მის ბიზნესპარტნიორს, ის არ დაუკავებიათ და კვლავ გირაოს სანაცვლოდ დატოვეს თავისუფლებაზე.

გიორგი ჩიკვაიძემ 10 მარტს განაცხადა, რომ მისი დაკავება იგეგმებოდა. პროკურორის ცნობით კი, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ჩიკვაიძე არღვევდა გირაოს პირობებს და გარდა ამისა, შესაძლოა მას ქვეყანა დაეტოვებინა, რადგან რამდენიმე დღის წინ ის სადახლოს გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა.

ჩიკვაიძე კი ამბობს, რომ ის ამ დღეს სართიჭალაში იმყოფებოდა, სადაც ნათესავს საჩუქარი გადასცა და ამის ვიდეომტკიცებულებებიც არსებობს.

პროკურატურის ოფიციალური ინფორმაცია გიორგი ჩიკვაიძის საქმეზე:

“ბრალდებულების გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის და მათთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდებულების გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მიერ არაერთხელ დაირღვა გირაოს გამოყენების პირობა. კერძოდ, მიმდინარე პროცესებზე ბრალდებულები არასაპატიო მიზეზით რამდენჯერმე არ გამოცხადდნენ სასამართლოში მათი ბრალდების საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და მათ ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ სასამართლოსთვის რაიმე სახის შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. შესაბამისად ბრალდებულების მიერ დარღვეულია გირაოს გამოყენების პირობა.

ასევე აღსანიშნავია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ბრალდებულების – გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით, რისთვისაც გიორგი ჩიკვაიძე იმყოფებოდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან ახლოს. აღნიშნულზე მყისიერი რეაგირების შედეგად, 7 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება , სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება გირაო 50 000 ლარის ოდენობით პატიმრობით შეუცვალა, ხოლო ირაკლი პაპიაშვილის მიმართ შეფარდებული გირაო ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი ბრალდებულები არიან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, რამაც 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია.”- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

სხვა ამბების წაკითხვა