ბოლო ამბები
14/01/2026

ვენესუელის ხელისუფლების დროებით მართვას ამერიკა განახორციელებს

გაზიარება

„ჩვენ ქვეყანას [ვენესუელას] მანამ ვმართავთ, სანამ უსაფრთხო, სათანადო და გონივრულ გადასვლას არ შევძლებთ“ – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

“ჩვენ არ გვინდა, რომ სხვა ვინმე ჩაერიოს და იგივე სიტუაცია შეიქმნას, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა. ახლა უკვე იქ ვართ. ასე რომ, ჩვენ დავრჩებით, ვიდრე არ გვექნება მართვა, ფაქტობრივად, ვიდრე სათანადო გადასვლა არ მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ-სა და ვენესუელას შორის „პარტნიორობა“ ვენესუელის ხალხს „მდიდარს, დამოუკიდებელსა და უსაფრთხოს“ გახდის.

ტრამპმა მადუროს „უკანონო დიქტატორი“ უწოდა, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ში „მომაკვდინებელი უკანონო ნარკოტიკების კოლოსალური რაოდენობის“ შეტანაზე.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ვენესუელაზე მეორე, „გაცილებით მასშტაბური“ თავდასხმა განახორციელოს.

შეგახსენებთ, აშშ-მ ვენესუელაზე იერიში მიიტანა და მისი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დაატყვევა, რომელიც ქვეყნიდან გაიყვანეს, განაცხადა შაბათს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

აშშ-მ მადურო „ნარკო-სახელმწიფოს“ მართვასა და არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. მადურო ამბობდა, რომ ვაშინგტონს სურს მისი ქვეყნის ნავთობის რეზერვების კონტროლი, რომლებიც მსოფლიოში უდიდესია.

ნიკოლას მადურო ვენესუელის ხელისუფლებას 2013 წლიდან მართავდა.

 

 

 

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა