ლალი მოროშკინას წერილი:
“პატარა ქალაქში,მეტიც პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩინეთის და ინდოეთის საზომით,საერთოდ ერთი ოჯახი ვართ …
მოდით ნუ მოვიტყუებთ თავებს, ყველამ ყველაფერი ვიცოდით.
-აუ მიდი რა ვიშოვოთ ბლომად, მაინც არავინ არ მოგვკითხავს
-ე,ბიჭო ახლაა ფულის კეთების დროა
-მოხსენი მაყუთი ტენდერიდან “ატვეჩაი” ვარ
-არავინ გითვლის სახლში რამდენს წაიღებ, მთავარია გუნდი არ მოირყეს
-ბიძინა არ აქცევს ყურადღებას ფულის შოვნა არშოვნას, მთავარია არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა
-ხომ ხედავ ყველა ჭამს, შენ რა წითელი კვერცხი ხარ, მერე ნუ იწუწუნებ.
ასეთი ფრაზები უსასრულოდ და უსისტემოდ იღვრებოდა …
ხშირად მაღალ თანამდებობებზე ზუსტად ამ კრიტერიუმით ნიშნავდნენ.
-სკამს აფუჭებ და ამიტომაც არ გაღირსებენ თანამდებობას. მომაძახეს ერთ-ერთ დერეფანში.
ეს იცით რას ნიშნავს?
შენ არ ჩაებმები კარტელურ გარიგებაში და “დარტყმის ქვეშ” დააყენებენ საათივით აწყობილ სქემას, რომელიც ასე “წარმატებულად” ყვლეფს ქვეყანას და მოსახლეობას.
ისე, უნდა ითქვას, რომ ზუსტად ამ “მრჩევლებმა” შეუქმნეს ბატონ ბიძინას გადაჭარბებული მოლოდინი და მოატყუეს “საკონსტიტუციო უმრავლესობაზე”. ჩვენი ბედი, რომ ოპოზიცია საკმაოდ მრავალრიცხოვანი გუნდით მოტყუვდა და არ შევიდა პარლამენტში, მერე გენახათ სეირი.
მადლობა, რომ ვიღაცის (ნუ, გასაგებია ვისიც) ჭკვიან თავში მოიხარშა გეგმა “B”, რომელმაც მონოლითური ოპოზიცია გააძონძა, დაქსაქსა და სამი უტვინო ქალის ამარა დატოვა…
ახლა ისტორია გაზულუქებულთაგან ერთ-ერთზე.
როცა ჩემი მეგობრის სახლში გაშლილ სუფრაზე მსხდომ ქალბატონს დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ნანატრი “ჰერმესი”, სულ რაღაც 45.000 ევროდ ელოდება ესპანეთში, მან უმალ გადაიტანა გოჭის ქონიანი, პიწკინა ნაჭერი მარჯვენა ხელიდან მარცხენაში, ცაში აღაპყრო ნეკა თითი, ტელეფონი მხრის დახმარებით ყურზე მიიკრა და ბიზნეს კლასი შეუკვეთა “თბილისი-ბარსელონას” მინართულებით.
ქმარი? – აწ გამომწყვდეული ერთ-ერთი…
მეორე ქალბატონმა იქვე ბიოგელის მორიგი პარტიის თითზე დადებისას დაფქვა, რომ შვილები აშშ-ში გაამწესა, თავად საფრანგეთში სახლი იყიდა და მალე სულ წავა.
ერთი ადარდებს, პარიზში გელს არ უსვამენ ფრჩხილზე…
ისე, პატივცემულებო, რომ იცოდეთ რამდენი ასეთი ამბავი “გაბაზრდა” სალონებიდან, თქვენს მეორე ნახევრებს საერთოდ გადახოტრავდით და ფრჩხილებს ძაღლის ფრჩხილის საკვნეტი ნესესერით დააძრობდით. თუმცა გონებათხელი ნეკნები პანაშვიდებზე მაინც იმარიაჟებდნენ “ხოუპის”, სანსის”, “ვიტელსბახის” სამუზეო ბრილიანტებით…
ამ ყველაფერთან შედარებით “ჰერმესის” ჩანთა ხომ ზღვაში წვეთია…
მოკლედ, მადა ჭამაში მოდისო და გადასკდნენ, როგორც ფიზიკურად, ასე მორალურადაც…
ქალაქი გაივსო 200.000 დოლარიანი და ზევით მანქანებით.
თვალს მოგჭრის ფუფუნება, გაიხედავ და ისევ ის შილაკ-გელიანები თითები, ისევ იმ ბრილიანტებით, სიგარეტზე წითელი პომადით …
არ მითხრათ ახლა დაბალი, სოციალური პასუხისმგებლობის ფენის ქალბატონებმა საკუთარი სხეულით ივაჭრესო…
ეს პატარა საქართველოა.
აქ არც ამდენი სხეულია და არც ამდენი მომხმარებელი.
ეს იმ ქურდების, (ქურდებს რას ვერჩი) უფრო სწორი ნათქვამი რომ იყოს, იმ ქვეყნის მოღალატეების ოჯახის წევრების “გაბრწყინებული საქართველოა”!
არასდროს არ მიხაროდა არავის დაჭერა.
მეტიც, ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ არასრულწლოვნების ასაკის აწევისთვის, და რა მივიღეთ?
მოკლული და მოხარშული დედა და სადისტურად მოკლული პედაგოგი?
ზუსტად ამ “მალალეტკების” საპირწონეა ის გალუზულუქებულ ზედასრულთა კოჰორტა, რომელიც გულმოდგინედ პარსავს მოსახლეობას.
დიახ, პირველად ცხოვრებაში, მიწევს ვაღიარო, რომ “ნულოვანი ტოლერანტობა” ამ შემთხვევაში ერთადერთი სწორი გამოსავალია.
და კიდევ, ალბათ ციხეებშიც უნდა გამკაცრდეს პირობები და შეწყდეს ამდენი კონცერტი, ულევი პაემნები კომფორტულ კოტეჯებში და ტაშ-ფანდური, თორემ იქაც სიამოვნებით შედიან და ასეთივე ბედნიერები და ჯიბეშენახულები გამოდიან.
მათი შილაკებიანები კი აგრძელებენ ლამაზ, ზევსის და პოსეიდონის ცოლებს რომ შეეფერებათ ისეთ ყოფას.
მეცოდება ჩემი პატარა საქართველო, ჩვენი ლამაზი ოჯახი, რომელსაც ისევ უღალატეს, მეცოდება ყველა პენსიონერი, რომელსაც 20 ლარი მოუმატეს და ამ ფონზე უფრო ჩააფურთხეს სულში, მეცოდება ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს და ღამეს ასწორებდა, რომ სახლში მცირედი პროდუქტი და წამალი მიეტანა და თურმე 86%-ით მეტს იხდიდა, მეცოდება ყველა იპოთეკარი ჩემი ჩათვლით, რომლებიც კაბალურ საბანკო ტყვეობაში ვართ.
ამასობაში ეს ცხოვრება გავიდა, სხვა კი არ გვექნება.
არ მეგონა ამას თუ ოდესმე დავწერდი… არასოდეს თქვა არასოდეს.”- წერს ლალი მოროშკინა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

