ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები და ოპოზიციური პარტიების ცალკეული წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან სახალხო დამცველის მოადგილედ ალეკო ელისაშვილის დისშვილის დანიშვნის გამო
ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.
ის დღეს წარადგინა ლევან იოსელიანმა, რასაც სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტები და კომენტარები მოჰყვა იმ ადამიანებისგან, ვინც მხარს არ უჭერდა იოსელიანის კანდიდატურას, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლევან იოსელიანს, მაგრამ გადაწყვეტილება არ მოუწონეს.
ხათუნა სამნიძე სამწუხაროს უწოდებს იოსელიანის გადაწყვეტილებას მის ერთ-ერთ მოადგილედ ნათია ჯულაყიძის დანიშვნის გამო, თუმცა ამბობს, რომ სწორი იყო მისი პოზიცია, როდესაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე იოსელიანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
ელისო კილაძე ამ თემაზე წერს:
“სახალხო დამცველის ოფისი გახდა ირაკლი კობახიძის კანტორა . ამ საქმეში მას ხელი შეუწყო ოპოზიციის გარიგებულმა “ტროიკამ”. იცოდეთ, რომ ამიერიდან ექვსი წელი ჩვენი უფლებები ჩვენ უნდა დავიცვათ! ქვეყანას სახალხო დამცველი კი არა,ოცნების ლეღვის ფოთოლი ჰყავს”- წერს კილაძე.
თავად ნათია ჯულაყიძე კი ტვ “პირველთან” ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილთან ნათესაური კავშირი მას ხელს არ შეუშლის იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი.
ჟურნალისტის კითხვაზე, გააკრიტიკებს თუ არა ის მის ბიძას, ჯულაყიძე პასუხობს:
“აუცილებლად გავაკრიტიკებ, გავაკრიტიკებ ალეკოს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ოდესღაც, სადღაც ერთი და იმავე ღირებულებებს ვიცავდით და ნებისმიერ ადამიანს.
ალეკომ კი არა, საკუთარი დედა, საკუთარი მამა და ძმა რომ იყოს დისკრიმინაციული განცხადებების ავტორი, არ შემიშლის ხელს, პირიქით, ძალიან სწორხაზოვანი ვარ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში. ვიქნები პირველი, ვინც გააკრიტიკებს საკუთარ ოჯახის წევრს.
მე და ალეკო ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, ალეკო არის ჩემი ბიძა, ბიძად მეკუთვნის, მისი დისშვილი ვარ. მე უბრალოდ პარტიის ერთ-ერთი წევრი ვიყავი და იქიდან გამომდინარე, მე მანამდე, ლევანთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი, ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთად ვმუშაობდით.
აქედან გამომდინარე, მეც, როდესაც დააარსეს ეს პარტია, ჯერ როგორც აქტიური მხარდამჭერი, ისე ვეხმარებოდი და მერე როგორც უბრალოდ რიგითი წევრიც, ვიყავი პარტიის. კი, პოლიტიკურ საბჭოშიც ვიყავი.” – განაცხადა ნათია ჯულაყიძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს