ბოლო ამბები
09/03/2026

კუბა მალე დაეცემა, მარკო რუბიოს იქ გავგზავნი – დონალდ ტრამპი

გაზიარება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბა, შესაძლოა მალე „დაეცეს“ და ქვეყნის ხელისუფლება შეთანხმების მიღწევას ცდილობს. ამის შესახებ მან CNNის ჟურნალისტთან, დანა ბაშთან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.

ტრამპის თქმით, ჰავანა შეთანხმების გაფორმებას „ძალიან ცდილობს“. მან აღნიშნა, რომ საკითხის მოგვარებაში შესაძლოა ჩაერთოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო

„მათ შეთანხმება ძალიან სურთ, ამიტომ მარკოს იქ გავგზავნი და ვნახავთ, როგორ იმუშავებს ეს. ამ ეტაპზე ჩვენ სხვა საკითხზე ვართ კონცენტრირებული. დრო ბევრი გვაქვს, მაგრამ კუბა მზად არის — 50 წლის შემდეგ,“ — განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ამჟამად მთავარი პრიორიტეტი ირანთან დაკავშირებული საკითხებია.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ კუბაში მიმდინარე პროცესებს ათწლეულების განმავლობაში აკვირდებოდა.

„მე ამას 50 წელია ვაკვირდები და ახლა თითქოს ჩემს ხელში აღმოჩნდა — თითქოს თავისით ჩამოვარდა ჩემს კალთაში. მიუხედავად ამისა, საქმე კარგად მიდის,“ — თქვა მან.

დონალდ ტრამპმა ერთი დღით ადრე თეთრ სახლში განაცხადა, რომ მხოლოდ „დროის საკითხია“, როდის შეძლებენ ამერიკაში მცხოვრები კუბელები სამშობლოში დაბრუნებას. მისი თქმით, ეს შესაძლოა ადმინისტრაციის შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულება იყოს, მას შემდეგ რაც დასრულდება მიმდინარე დაპირისპირება ირანთან.

ტრამპმა ასევე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოზე და აღნიშნა, რომ კუბასთან დაკავშირებულ საკითხზე მუშაობა მომავალში შეიძლება აქტიურად დაიწყოს.

„ის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, და შემდეგი საკითხი იქნება — გვინდა იმ განსაკუთრებულ კუბაზეც ვიმუშაოთ,“ — განაცხადა ტრამპმა ხუთშაბათს სახელმწიფო მდივანზე საუბრისას.

მისივე თქმით, რუბიო ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესის დასრულებას ელოდება.

„ის ამბობს: ჯერ ეს საქმე დავასრულოთ. შეგვეძლო ყველაფერი ერთდროულად გაგვეკეთებინა, მაგრამ ასეთ დროს ხშირად ცუდი რამ ხდება. თუ წლების განმავლობაში ქვეყნებს დააკვირდებით, როცა ყველაფერს ძალიან სწრაფად აკეთებენ, ცუდი შედეგები დგება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ქვეყანას რამე ცუდი დაემართოს,“ — აღნიშნა ტრამპმა.

სხვა ამბების წაკითხვა