ბოლო ამბები
10/03/2026

ალეკო ელისაშვილის წერილი ციხიდან

გაზიარება

პატიმარ ალეკო ელისაშვილის წერილი ციხიდან:

“საინტერესოდ მოსასმენია როგორ აბსურდულად ცდილობს გამოძიება ჩემთვის ტერორიზმის დაბრალებას.

დღეს სასამართლოზე მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავდნენ. ამ მტკიცებულებებს ჩემს წინააღმდეგ ცალმხრივად, როგორც უნდათ, ისე ავრცელებენ. ჩემს ადვოკატებს კი ხელს გაუთქმელობაზე აწერინებენ, რომ საქმის დეტალებზე საჯაროდ ვერ ისაუბრონ.

აი, ასე სამართლიანად იწყება ჩემი პროცესები. თუმცა, ამ ქვეყანაში სამართალი რომ არ გვაქვს, ზუსტად მაგიტომ ვარ უკვე სამი თვეა, სრულიად დაუსაბუთებლად საქართველოში ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში ტერორიზმის მუხლით დაპატიმრებული.

სიმართლე გითხრათ, ბრალი რაც მაქვს წარდგენილი – ამაზე მეცინება, პოტენციურ სასჯელზე – მეღიმება. რაც არ უნდა მომისაჯონ, ეს წლები ჩემთვის სასჯელი არ იქნება, პატივი იქნება. ვინაიდან მე თავი არ დავუხარე უსამართლობას, ქართველებისთვის ღირსების აყრას, უდანაშაულო ხალხის ციხეებში გამომწყვდევას. უსამართლობასთან დაპირისპირება, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა და ამისთვის პატიმრობა პატივია და არა სასჯელი.

სწორედ ამიტომ ვუყურებ მარტივად ყველაზე მკაცრ ციხეში ყოფნასაც. პოლიტიკოსად არ დავბადებულვარ, ქართველად დავიბადე. ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა და წინააღმდეგობა ჩვენი გენეტიკური მამოძრავებელია. მეც ქართველი ვარ. მაშასადამე, არასდროს შევეგუები უსამართლობას.

მადლობა ყველას ვინც ქუჩაში იბრძვის. მხნეობა სინდისის და პოლიტიკურ ყველა პატიმარს. გავიმარჯვებთ აუცილებლად და მჯერა ავაშენებთ ნანატრ საქართველოს: სამართლიანს, მდიდარს და ამაყად თავაწეულს!”- წერს ალეკო ელისაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

სხვა ამბების წაკითხვა