ბოლო ამბები
14/10/2024

როგორ ფიქრობთ ხალხო, საქართველო და ქართველი ერი გაწირავს ბერძენ ვაჟკაცს, რომლის სამშობლოც საქართველოა? – ლაზარე გრიგორიადისის მამა

გაზიარება

“მე შვილი ციხისთვის არ მომივლენია ამ დუნიაზე, ის მოვავლინე იმისთვის რომ ცხოვრებით დატკბეს და იხაროს”- წერს სოციალურ ქსელში 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი.

“როცა ვფიქრობ, როგორ უთენდება დღე და უღამდება იმ ოთხ კედელში ჩემს შვილს, უფრო და უფრო, რაც დრო გადის გული მეწვის, მე არ ვიცი როდემდე გავუძლებ ამ ბოღმას გულში.

იტყვიან, სხვას შვილები უკვდებიან და შენ ცოცხალი მაინც გყავსო და მალე გამოუშვებენო ბევრი მამხნევებს/  არა ხალხო, მე შვილი ციხისთვის არ მომივლენია ამ დუნიაზე, ის მოვავლინე იმისთვის, რომ ცხოვრებით დატკბეს და იხაროს, ყოველთვის შეგვეძლო ევროპაში გადაცხოვრება მაგრამ არა საქართველოში დავრჩით იმიტომ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო საქართველო, აი ახლა კიდევ მეტყვიან აი შენი საყვარელი საქართველო, გაგიმწარა თუ არა ცხოვრებაო?, როგორ ფიქრობთ ხალხო საქართველო და ქართველი ერი გაწირავს ბერძენ ვაჟკაცს, რომლის სამშობლოც საქართველოა? ლაზა, მამი, შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას, აუცილებლად შენ გარეთ იქნები”– წერს ბექა გრიგორიადისი.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 7-9 მარტის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მან, 7-9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მან, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას.

სხვა ამბების წაკითხვა