ამერიკაში მოკლეს 21 წლის მამაკაცი, რომელმაც თეთრი სახლის უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თავდამსხმელად 21 წლის ნასირ ბესტადი დასახელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის სამართალდამცველებისთვის ცნობილი პირი იყო და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დოკუმენტირებული ისტორიაც ჰქონდა.
სროლის ხმა შაბთს, 24 მაისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე გაისმა. თეთრი სახლის გარეთ მომუშავე ჟურნალისტებმა, რომლებიც იმ მომენტში გადაღებას აწარმოებდნენ, თავი შეაფარეს შენობის შიდა ნაწილს.
სროლის დროს თეთრ სახლში იმყოფებოდა დონალდ ტრამპი, თუმცა ის არ დაშავებულა. მან სამართალდამცველებს „სწრაფი და პროფესიონალური მოქმედებისთვის“ მადლობა გადაუხადა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცმა ჩანთიდან იარაღი ამოიღო და ვაშინგტონში, მე-17 ქუჩისა და პენსილვანიის გამზირის კვეთაზე, Eisenhower Executive Office Building-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა დაიწყო.
საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელი დაჭრეს. მოგვიანებით იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაცვლილად გამოცხადდა.
სროლის შედეგად ასევე დაშავდა ერთი გამვლელი, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამართალდამცველებიდან არავინ დაშავებულა.
ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევას პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე ან თეთრი სახლის ოპერაციებზე გავლენა არ მოუხდენია..
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


