ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი „ეი-ბი-სი“ განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება მათი აღსაზრდელის, 2 წლის ბიჭის დედის და ბებიის ბრალდებას ბაღის აღმზრდელის მიერ , მათი ბავშვის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით.
“ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი „ეი-ბი-სი“თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ბავშვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვის პრინციპით. ჩვენი მთავარი ღირებულებაა თითოეული ბავშვისთვის უსაფრთხო, მზრუნველი, ჯანსაღი და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფა მათი აღზრდისა და განვითარების მიზნით.
გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი განმარტება.
მას შემდეგ, რაც შიდაორგანიზაციული მოკვლევის ფარგლებში ბაღის ადმინისტრაცია დარწმუნდა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ბაღის თანამშრომლის მხრიდან სავარაუდო დანაშაულს, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ბაღის ღირებულებებსა და მუშაობის სტანდარტებს. ბაღის ადმინისტრაციამ უზრუნველყო დაუყოვნებელი რეაგირება. თანამშრომელი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან, დაიწყო შიდა ადმინისტრაციული პროცედურები და ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით უზრუნველყო ყველა შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულების გადაცემა საგამოძიებო ორგანოებისთვის, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მშობლისგან ინფორმაციის მიღებისთანავე, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, ბაღის ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირება იყო დაუყოვნებელი. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბაღს რეაგირება არ ჰქონია, არ შეესაბამება რეალობას.
ბრიტანულ-ქართულ საბავშვო ბაღ „ეი-ბი-სი“-ში დაარსებიდან დღემდე მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია საზოგადოების, მშობლებისა და ჩვენი, როგორც ადმინისტრაციის, შეშფოთება. ვწუხვართ შექმნილი მდგომარეობის გამო და ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღში ძალადობის ნებისმიერი ფორმა კატეგორიულად მიუღებელია.
ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი „ეი-ბი-სი“ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ბავშვის უსაფრთხოება და კეთილდღეობა მისი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ყოველთვის იმოქმედებს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მაქსიმალური პასუხისმგებლობითა და სტანდარტების სრული დაცვით.”- ნათქვამია ბაღის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 2 წლის ბიჭის ბებიამ გაავრცელა ინფორმაცია და ფოტომასალა, რომელზეც ჩანს დაზიანებები. დედა ამბობს, რომ ბაღის აღმზრდელმა მის შვილზე იძალადა.
გთავაზობთ ბებიის, ლიკა მახარაშვილის პოსტს:
“ეს გამაოგნებელი ამბავი ჩემს შვილიშვილს, დაჩის, ეხება. დაჩი 2 წლის არის და უკვე 9 თვეა დადის ბაღში. ბრიტანულ – ქართული საბავშვო ბაღი-ABC
თითქმის ერთი თვეა ბავშვი ბაღიდან მოდის დაზიანებებით. (აქ, ფოტოებში, დაჩის პირველი და ბოლო , მე-6 დაზიანებებია ნაჩვენები, თუმცა დედამისს ყველა დაზიანების ფოტო ჰქონდა და მიაწოდა გამოძიებას).
როცა პირველად შეამჩნია ქრისტიმ, მაშინვე დაურეკა ბაღის დირექტორს – ანი ჯოლბორდს Ani Jolbordi – და ყოველი მომდევნო შემთხვევის დროს ატყობინებდა და სთხოვდა, ენახა კამერები და გაერკვია, რატომ მოდიოდა ბავშვი ბაღიდან დაზიანებებით! ამ ქალბატონის მხრიდან მოვისმინეთ ათასი ვერსია, რომ იქნებ ბავშვები ჩხუბობდნენ, იქნებ შემთხვევით ეცემოდა, იქნებ თავს იზიანებდა სათამაშოთი (ერთსა და იმავე ადგილს – კისერს – სისტემატურად) იქნებ…. იქნებ… იქნებ… ერთ-ერთი იქნები ისიც იყო, სახლში ხომ არ ემართებაო, ანუ თქვენ ხართ დამნაშავეო და ჩვენ გვაბრალებთო
ქალბატონმა საბავშვო ბაღის დირექტორმა არასოდეს შეიწუხა თავი, რომ კამერები ენახა ( ან იქნებ ნახა კიდევაც! მისგან აღარაფერი გამიკვირდება!).
ჰოდა ბოლოს, ხუთშაბათს, ბავშვი ისევ დაზიანებით წამოიყვანა ქრისტიმ ბაღიდან. გამოყვანამდე ანი ჯოლბორდმა ჩაუგდო ფოტო, სადაც ჩანს, როგორ უჭირავს დაჩის სათამაშო მარტორქა და მიაყოლა განმარტება, რომ ამ მარტორქით ბავშვმა თავი დაიზიანა და ვერ ართმევენ, რადგან ტირის. ( მისი მოკლე ჭკუით ჩვენ დავიჯერებდით, რომ ბავშვი მთელი თვის განმავლობაში კისრის არეში ირჭობდა რეზინის მარტორქას და სისხლს იდენდა).
ნუ, რა თქმა უნდა, ქრისტიმ კვლავ მოითხოვა კამერების შემოწმება. ამჯერად კი იყო სრულიად გამაოგნებელი პასუხი, რომ ნაკაწრების გამო კამერებს ვერ შეამოწმებდნენ და , საერთოდაც, ძალიან დაიღალა მისი პრეტენზიებით, ესაუბრა დამფუძნებლებს და გადაწყვიტეს შეეწყვიტათ მისთვის ხელშეკრულება, ბავშვს ნუღარ მოიყვან და დარჩენილი დღეების თანხას უკან გადმოგირიცხავთო!
არ ვიცი, ვერაფრით ვხვდები, რატომ აძლევდა თავად მცირეწლოვანი შვილების დედა თავს მსგავსი სითავხედის უფლებას!
აღშფოთებულმა დაჩის დედამ 112-ში დარეკა იმის გასარკვევად, ვინ დაეხმარებოდა კამერების ნახვაში, 112-მა შეატყობინა შესაბამის ორგანოებს. ქრისტის დაუკავშირდა გამომძიებელი და სთხოვა პოლიციაში მისვლა. ქრისტი კი შეპირდა, მაგრამ იმ დღეს თავი შეიკავა, შეეცადა დამფუძნებლებისთვის მიეწვდინა ხმა, რომ ისინი მაინც დახმარებოდნენ კამერების ნახვაში. დახმარებით არავინ დახმარებიან, მაგრამ გაიგო, რომ ანი ჯოლბორდი ავრცელებდა ხმას, თითქოს დაჩი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი იყო და თვითონ იყენებდა დაზიანებებს, რაც
სიცრუეა, თუმცა ესეც რომ იყოს, მით უარესი მისთვის. ამდენს აშკარად ვერ ხვდება, როგორც ჩანს, არა აქვს სათანადო განათლება და განწყობა, რომ ბაგა-ბაღს მართავდეს!
ჰოდა მეორე დილას რომ გამომძიებელმა კვლავ დაურეკა ქრისტის ( განსაკუთრებული მადლობა მას ამ დაჟინებისთვის!), ქრისტი მივიდა პოლიციაში. მათ სასწრაფოდ მოახდინეს რეაგირება- შევიდნენ ბაღში, ამოიღეს კამერები და ნახეს ბავშვზე ძალადობის კადრები!
ქრისტიმ მითხრა, ბოლომდე ვერ ვუყურე, როგორ ცემს და ათრევს თმებით ძიძა ჩემს შვილსო! როგორ ტირის ორი წლის ბავშვი და არავინ შველის!!! წარმოგიდგენიათ ხალხო?!!!
იმ ბაღში ხომ მუშაობენ სხვა ძიძები, დამლაგებლები, მზარეულები, მეთოდისტი, ალბათ ფსიქოლოგიც და ა.შ. …
ეს კონკრეტული ფაქტი სამზარეულოში, კამერების წინ ხდება და ბავშვს არავინ ესარჩლება, ამ მხეცისგან არავინ იცავს!!! ვიშორებ თავიდან ფიქრებს, რა ხდებოდა მოფარებულ ადგილებში ამ 9 თვის განმავლობაში, რამხელა სტრესში ჰყავდათ ბავშვები!
ახლა მიმდინარეობს მოკვლევა, აღძრულია სისხლის სამართის საქმე, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ ორი კვირის ჩანაწერი აქვთ ( მეტს ეტყობა არ ინახავენ), სწავლობენ მასალებს. აღმოჩნდა, რომ სხვა მშობლებსაც ჰქონდათ ეჭვები, სხვა ბავშვებსაც უფიქსირდებოდათ დაზიანებები. მოკლედ, საქმე აღძრულია და სწავლობენ მტკიცებულებებს. ჩვენ ამას ვერც კი წარმოვიდგენდით!
დაჩი არ ლაპარაკობს და უკვე ორი თვეა მეტყველების თერაპევტთან დაჰყავს ქრისტის. მე ვეუბნებოდი, რატომ ჩქარობ, ბავშვი ჯერ მხოლოდ ორწლინახევრისაა, ბიძამისმაც სამი წლისამ დაიწყო ლაპარაკი-თქო. მაინც მიიყვანა. ალბათ ეს ფაქტი გამოიყენა ანი ჯოლბორდმა იმ სიცრუის მოგონებისთვის, რომ ბავშვი სპეციალური საჭიროებისაა და თავსაც იზიანებს და , სავარაუდოდ, სხვა ბავშვებსაცო!
იმ კონკრეტულ ძიძაზე აღარაფერს ვწერ, სახელსაც კი არ ვახსენებ მისას, უსახელო უსახური არსებაა ის და თავისას მიიღებს! ეხლა ცრემლებად იღვრება თურმე და პატიებას ითხოვს, არაადეკვატურობას და ფსიქიკურ აშლილობას თამაშობს. მათი მოგონილი სიცრუის სცენებს რომ დგამდნენ ეგ და ანი ჯოლბორდი და ტყუილებს ავრცელებდნენ, მაშინ ხომ იყო ადეკვატური და დალაგებული გაიძვერა ორივე!
კიდევ რა გამოაშკარავდება და ვინ იქნება ამ ყველაფერი გარეული, დრო და გამოძიება გვიჩვენებს! რაც ვიცით, უკვე შემზარავია – ბავშვს კისრით ათრევდა ეს მხეცი, თან ისე უჭერდა ფრჩხილებს, რომ სისხლი სდიოდა!
ბაღიდან ჯერ არავინ შეგვხმიანებია, არავის მოუკითხავს ბავშვი, არავის გამოუხატავს თანაგრძნობა და წუხილი, პასუხისმგებლობა, რომ ორი წლის ბავშვი ცხრა თვეა მათი უყურადღებობის გამო ძალადობის მსხვერპლია!
გუშინ დავიწყე გამოსვლა შოკიდან და ინფორმაციის მოძიება ორგანიზაციაზე, მის დამფუძნებლებზე და თანამშრომლებზე. გამაოგნებელია, რომ ესეთ ,,პრესტიჟულ” და გაპიარებულ ორგანიზაციაში, რომელიც რამდენიმე ფილიალითაა თბილისში წარმოდგენილი, არ აღმოჩნდა არც ერთი პასუხისმგებლობისა და თანაგრძნობის უნარის მქონე თანამშრომელი, ადამიანი!
ცხოვრებაში პირველად დავწერე ამსიგრძე პოსტი. მაქსიმალურად შევეცადე კორექტული, თანმიმდევრული და ლაკონიური ყოფილიყო ჩემი სათქმელი და ნერვები და ემოციები მომეთოკა.” | წერს სოციალურ ქსელში 2 წლის ბავშვის ბებია ლიკა მახარაშვილი
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


