ბოლო ამბები
02/06/2026

იტალიაში დედამ 2 წლის შვილი ცემით მოკლა

იტალიაში, ქალაქ ბორდიგერა, 2 წლის გოგონას, ბეატრიჩეს გარდაცვალების საქმემ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ბავშვის დედა, 43 წლის ემანუელა აიელო, თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ გოგონა კიბიდან ჩამოვარდა, თუმცა გამოძიების პროცესში გაჩნდა ეჭვები, რომ საქმე ძალადობას უკავშირდებოდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, სისხლჩაქცევები და ტრავმების კვალი აღმოაჩინა. მოგვიანებით ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გოგონას აღენიშნებოდა დაზიანებები თავის, მუცლის, ზურგისა და კიდურების არეში. გამოძიების ვერსიით, სწორედ თავის არეში მიღებულმა მძიმე ტრავმამ გამოიწვია ტვინში სისხლჩაქცევა, რაც სიკვდილის მიზეზი გახდა.

გამომძიებლების ცნობით, ბავშვი შესაძლოა რამდენიმე საათის განმავლობაში უკვე გარდაცვლილი იყო, სანამ დედამ დახმარება გამოიძახა. სასამართლო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ქალი დილით მანქანით გადაადგილდებოდა ბავშვთან ერთად, მაშინ როდესაც გოგონა, სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილი იყო.

საქმის განვითარებაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დედის პარტნიორის, 42 წლის მანუელ იანუცის ტელეფონში აღმოჩენილი მასალებიც. სამართალდამცველების ინფორმაციით, მოწყობილობაში ნაპოვნია ბავშვის ფოტოები, სადაც მას სახეზე და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ასევე გავრცელდა ინფორმაცია ვიდეოჩანაწერზე, რომელშიც ბავშვი ტირის და უარს ამბობს სიგარეტის მოწევაზე, ხოლო გარშემომყოფები მასზე იცინიან. პროკურატურა ამ მასალებს ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მტკიცებულებად განიხილავს.

მოგვიანებით პოლიციამ მანუელ იანუციც დააკავა. მას ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რასაც ბავშვის სიკვდილი მოჰყვა. დედას კი ბრალი ედება ბავშვის მიმართ ძალადობასა და დახმარების გაუწევლობაში.

საქმის ფარგლებში გამოკითხულნი არიან ბავშვის უფროსი დებიც, რომლებმაც გამომძიებლებს უთხრეს, რომ ბეატრიჩე გარდაცვალების დღეს ტკივილისგან ყვიროდა. მათი ჩვენებების საფუძველზე, ბავშვი გარკვეული დროის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა სამედიცინო დახმარება დროულად არ მიუღია.

იტალიური მედიის ინფორმაციით, გამოძიება კვლავ გრძელდება. სამართალდამცველები ადგენენ, რამდენ ხანს გრძელდებოდა ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობა და რა როლი ჰქონდა თითოეულ ეჭვმიტანილს ტრაგიკულ მოვლენებში

სხვა ამბების წაკითხვა