ბოლო ამბები
10/06/2026

დიახ, მომაკვდავ მამუკა ჩარკვიანს დახმარება გაუწია მაშინდელი პრემიერის ფონდმა -“ოცნებამ”, ამ ოპერაციის გამო ქვეყანა ბარტერით უნდა გამეცვალა? – თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანის ფეისბუქპოსტი.

“12 წელია ერთი და იგივე კითხვა მესმის ანგაჟირებული მავანისგან:” მამუკას ოპერაცია ხომ დაუფინანსა “ოცნებამ”, პრემიერმა, ივანიშვილმა, ჰოდა, მადლობელი ხომ უნდა იყოთ და ოპოზიციაში რატომ ხარ?! “ – თავადვე სცემენ კითხვას პასუხს, კითხვის “დამსმელნი”.

და მე კვლავაც ვპასუხობ: დიახ, მომაკვდავ მამუკა ჩარკვიანს დახმარება გაუწია მაშინდელი პრემიერის ფონდმა -“ოცნებამ”. დიახ, მადლობა ვთქვით ხმამაღლა ოჯახმა ბევრჯერ თითოეულის მისამართით ვისაც ეს ეხებოდა.

მაგრამ რა კავშირშია ეს, ჩემი ქვეყნის კურსის ცვლასთან მაინტერესებს?  ამ ოპერაციის გამო “ბარტერით”ქვეყანა უნდა გამეცვალა, ქვეყნის კურსი უნდა გამეცვალა, ან მე, ან მამუკას? ამაზე მამუკამ სიცოცხლეშივე გასცა ძალიან კეთილსინდისიერი და ვაჟკაცური პასუხი ტვ ეთერით “დიდი მადლობა ვთქვი ბევრჯერ, ახლაც ვიტყვი, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ ჩემი პოზიცია არ მქონდესო?!”

ახლა მე ვეკითხები მავანს, ანუ ეს ქველმოქმედება ანგარებით იყო? არ შემთანხმებია, არ შეგვთანხმებია ოჯახს არავინ, საპირწონედ ქვეყანა და ღირებულებები უნდა დათმოო!
ვნახე, რომ ქვეყანამ მკვეთრად იცვალა კურსი, მკვეთრად მოექცა იზოლაციაში, აშკარად, აღარ მიდიოდა დასავლური კურსით! ეს ჩემთვის, ამაზე ფიქრიც კი გამანადგურებელია, ვფიქრობ ყველა მოაზროვნე ქართველისთვის ასეა!

რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს რომ უნდა ვიყო ოპოზიციაში!

ისე, ამ ცხოვრებას რა ვუთხრა, ჯანსუღს და მამუკა ჩარკვიანებს ოპერაციის ფული რომ არ ექნებათ! იმდენი კი იღვაწა ჯანსუღმა თავისი ადამიანობით, ვაჟკაცობით, შეუპოვრობით და დიდი შემოქმედებით, რომელსაც მთელი საქართველო მღერის, იმდენი კი დატოვა მამუკამ თავისი სიმღერებით, რომელსაც მთელი საქართველო მღერის, რომ ოპერაციის ფული ჰქონოდა, ან ერთს, ან მეორეს  (ეჰ რას იზამ, საქართველოში მკვდარი შემოქმედი, მკვდარი პოეტები და კომპოზიტორები უფრო უყვართ, თუმცა ხალხისგან მათ სიყვარული არ აკლდათ)

ახლა მეორე (ასევე ხშირად დასმულ) კითხვაზე პასუხი, ისევ ანგაჟირებულ “მავანთათვის”: შენმა მეუღლემ რატომ არ დააფინანსაო ვინც იკითხა?!

არ კი არა,არამედ ვერ, მრავალი წელი ჩემი მეუღლე, არამხოლოდ ოჯახის წევრებს, არამედ სხვა უცხო ოჯახებს აფინანსებდა და სახლებს ყიდულობდა უცხო ადამიანებისთვის. ისე, ცოტა ტვინი უნდა გაანძრიოს ბევრმა და მარტივად მიხვდებიან, რატომ ვერ დააფინანსა, მაგრამ არ აქვს ტვინი და არც ნამუსი კითხვის დამსმელს და რას იზამ?!

ჯონი გიგანი და თამარ ჩარკვიანი არ არის გარიგებული ფეიკ ოპოზიცია, არ არიან გარიგებულები, არ “თამაშობენ” ოპოზიციონერობას ხალხის ხარჯზე და ამიტომ “ბელგიაში” სასახლეებს არ და ვერ ვყიდულობთ.

ასეა, არ ხდება, თან ნაღდი, გულწრფელი ოპოზიციონერობა და თან ჩუმი გარიგება და მერე “სიაფანდზე” ყვირილი ხელისუფლება მავიწროვებსო, ტყუილია და სიბინძურეა ასე ცხოვრება.
ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია საქართველოს ვექტორალური მარცხი, მე და ჩვენი დიდი ოჯახი ამით ვცოცხლობთ და ვსუნთქავთ, ასე ცოცხლობდა მამაჩემი თავისუფლების ჰიმნის ავტორი ჯანსუღ ჩარკვიანი, 1972 წელს გარეთ ფოთოლი რომ არ შრიალებდა თავისუფლების და რომ დაწერა “ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის თავისუფლება ლომთა ხვედრიაო” , ასე იყო მამუკაც, თორემ მოგვიანებით ამ ლექსზე სიმღერას არ შექმნიდა. ეს არის ჩემი პასუხი, (ალბათ მეასედ უკვე)

ეჰ რა იზამ, ასეა ,როცა:

“იმას ვმღერივარ, რასაც ვმღეროდი ,
იგივე არზა და მისამართი,
საქართველოთი, საქართველოთი,
იწყება ჩემი ღია ბარათი” (ჯანსუღ ჩარკვიანი)

და ბოლოს,ვ ფიქრობ ამომწურავად ამოვთქვი გულისტკივილი, ახლა კი წავალ და მოვუსმენ ჩემს ჯანსუღს და მამუკას. სევდას, ცრემლს და იმედს ერთად მომგვრიან ალბათ, ჩემი საქართველოს გამო”- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

სხვა ამბების წაკითხვა