ბოლო ამბები
21/06/2026

4 ოქტომბერი გახლდათ ბრიყვული და მავნებლური ავანტურა – ლევან სუთიძე

გამოცემა “ტაბულა”-ს რედაქტორი ლევან სუთიძე 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით წერს. მისი შეფასებით, ეს იყო ბრიყვული და მავნებლური ავანტურა.

“მე შაირი არ მინდოდა, მაგრამ არ გაჩუმდით.

დავიწყებ იქიდან რომ სრულიად ვეთანხმები ბატონ გვარამიას 4 ოქტომბრის შეფასებაში და აქვე დავამატებ ჩემსას.

4 ოქტომბერი გახლდათ ბრიყვული და მავნებლური ავანტურა. სასოწარკვეთილი და დაღლილი ადამიანები, რომლებიც წყობიდან გამოიყვანა მთავრობის დევნამ და ძალადობამ, პარტიების დარბევამ, სადარბაზოებთან ჩასაფრებამ, საწამებელმა ავტობუსებმა თუ ვინ მოსთვალოს – ენდნენ სრულ შარლატანებს.

ეს არის ძალიან ბუნებრივი რამ ყველა საზოგადოებაში, როცა მთავრობა ძირს უთხრის სამოქალაქო მშვიდობას, საზოგადოება რეაგირებს და შემდეგ შარლატანები იწყებენ თევზაობას.

რატომ ენდნენ სრულ შარლატანებს? იმიტომ, რომ ამ შარლატანებს სერიოზულობა შესძინა სერიოზულმა ხალხმა. მეტმა არაფერმა.

პირველად შემეშინდა იმ გარემოსი, სადაც ვცხოვრობ – ჯანმრთელი და გონიერი ადამიანები ამტკიცებდნენ და, ვისაც არ სჯეროდა, თვალებს თხრიდნენ, რომ ოთხში იწყებდნენ და ოთხში ამთავრებდნენ, რომ ხაბეს ჰქონდა გეგმა, რომ ეს გეგმა ცნობილი გახდებოდა ოთხში, რომ არსებობდნენ რაღაც პროდასავლელი ქურდები, რომლებიც ალიონზე ჩიტაძეზე გადმოდგებოდნენ და გენდალფივით შეესეოდნენ ორკებს… ამ სიდებილის დაიჯერა ხალხმა, შემდეგ ყველა ჩვენ ვინც ამ აზრს არ ვიზიარებდით გამოგვაცხადა ელიტისტად და პეროიანად და შეუდგა SAXALXOOBAS

მერე ეს ხალხი, ვინც ამათ ტაში უკრა და რვანახევარი კაცის წინააღმდეგობის ჩაჩეხვის ფონზე, წაახალისა – სად წავიდა? მოდი ჩვენი პოლიტიკური ლექსიკონიდან ამ სიტყვას გამოვიყენებ პირველად: სოროში, მეგობრებო.

რატომ არიან სხვები დაჭერილები, იცით? იმიტომ, რომ ვინც ამ ოთხ ოქტომბერზე ყველაზე მეტი იქადაგა, ვინც პირში ბურთი გვჩარა, როცა ვამბობდით, რომ ეს ხაბეიშვილი ავანტურისტი პროტოზოა ინფუზორიაა და არ ენდოთ თქო, აი, ეგ ხალხი ფეხმოუცვლელი იდგა რუსთაველზე და მშვიდად უყურებდა, რაღაც აბსურდს რომ აწყობდნენ სცენიდან “მამაკაცური ძალის” დახმარებით.

უყვართ რადიკალიზებულ ქიშმიშიან ბულკებს სავარძლის გენერლობა და რა ქნან? არც წამომდგარან იმ სავარძლებიდან.

“ხო ხედავ ეგრე ვერაფერს ცვლიიიიიიი, მოქმედების დროა” – ასე მიხაოდნენ სახეში ადამიანები, რომელთაც მუშტი არათუ გაუქნევიათ, არამედ არც იმ დღემდე შეუკრავთ და არც მას მერე.
რა მოხდა უშუალოდ იმ დღეს, ისიც არ მოისმინეს. ოპერის მომღერალი რომ დეკრეტებით ამხობდა არა მხოლოდ ბიძინას, არამედ საქართველოს რესპუბლიკას და სპეცრაზმის ნაწილს მოუწოდებდა ჩვენ მხარეს გადმოდითო – ეგ ვერ გაიგეს.

აი, ნაწილი რომ გადმოსულიყო რა ხდებოდა, უარესი არ ხდებოდა?! ვინ უნდა შეეპყრო “სახალხო კრებას” და რა ათენური დემოკრატია გამართეს, საერთოდ რა იყო ეს, კაციშვილმა არ იცის. არც მოუსმენიათ.

რომ მოესმინათ, ცოტა ალბათ ეგენიც დაფიქრდებოდნენ, რომ ეგ არ არის მეგობრებო ხავერდოვანი რევოლუცია, ანუ ის, რაც სცენიდან წაიკითხეს, სრულიად არახავერდოვანია და ეს იქიდან ვიცით, რომ ჩვენ დავაფუძნეთ ეს ხავერდოვანი რევოლუციები.

არანაირი გეგმა არ არსებობდა. სცენაზე იდგნენ ავანტურისტი შარლატანები და ჯამბაზები. ეს აქცია არ არის სერიოზულად მისაღები, იმიტომ რომ არასერიოზულია და ის ხალხი, ვინც ამას აჰყვა, მართლა დაიჯერა, რომ ოთხში მთავრდებოდა ყველაფერი და ვინც მერე მთავრობამ სრულიად უსამართლოდ გააყოლა ხელს, გარეთ უნდა გამოვიდნენ.

გარეთ უნდა გამოვიდნენ იმიტომ, რომ ამ კლოუნადაში შეუძლებელია ვინმეს ჩაედინა სერიოზული დანაშაული. შეუძლებელია ეს. არანაირი გეგმა არ არსებობდა. ყველაფერი იყო ტყუილი. არცა შიოლა ყოფილა. ჭიშკრები სულ ირყევა არეულობის დროს.
ავადმყოფობაა ამ ხალხის 5 წლით დაჭერა.

პაატა ბურჭულაძის ამდენი ხნით დაჭერაც ავადმყოფობაა. ადამიანი არ შეიძლება სერიოზულად დასაჯო იმიტომ, რომ გამოფრუტუნდა და შთაგონებული სახით სისულელეები აჯერა ხალხს.

პასუხისმგებლობას მე იმათ ვაკისრებ, ვინც ზუსტად იცოდა რომ არ უნდა ეთამაშა პროტესტის ბედით.
ახლა კიდევ ის ხალხია დამნაშავე თურმე, ვინც ამ 4 ოქტომბრის სიბრიყვეს აძლევს ზუსტ შეფასებას.
აბა როგორ უნდა გამოვიყვანოთ ის ხალხი ციხიდან?!

რეებს წერთ საერთოდ, ანუ უნდა ვწეროთ, რომ სერიოზულად აწყობდნენ არახავერდოვან რევოლუციას და სახალხო მხარდაჭერა ამით გაიზრდება?! დებილია ქართული საზოგადოება?! შარლატანობა და კომედია რომ დადგეს, იმიტომ არის გამოსასვლელი ეს ხალხი გარეთ, თორემ აბა რევოლუციონერებს (არახავერდოვანი მნიშვნელობით) ვინ უშვებს გარეთ?!
დაიცადეს რა თვეები და მოუნდათ გადაწერა ისტორიის. აგერ ვნახავ თუ გადაწერთ”- წერს ლევან სუთიძე.

სხვა ამბების წაკითხვა