ბოლო ამბები
23/06/2026

კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა

კირ სტარმერი ოფიციალურად გადადგა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და მმართველი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან. განცხადება მან 22 ივნისს, ლონდონში, „დაუნინგ სტრიტის“ რეზიდენციასთან გააკეთა.

სტარმერის თქმით, ბოლო თვეებში პარტიის შიგნით გაძლიერდა უკმაყოფილება და მან გააცნობიერა, რომ ლეიბორისტული პარტიის წევრების მნიშვნელოვანი ნაწილი აღარ მიიჩნევდა მას მომავალ არჩევნებში გამარჯვების მთავარ ფიგურად. სტარმერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

კირ სტარმერი ხელისუფლებაში 2024 წლის ივლისში მოვიდა, როდესაც ლეიბორისტულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და 14-წლიანი კონსერვატიული მმართველობა დაასრულა. თუმცა, მისი მთავრობის პოპულარობა მალევე შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო ეკონომიკურმა სირთულეებმა, არაერთმა პოლიტიკურმა კრიზისმა, მინისტრების გადადგომებმა და ადგილობრივ არჩევნებში სერიოზულმა დანაკარგებმა.

სტარმერი პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად დარჩება მანამდე, სანამ ლეიბორისტული პარტია ახალ ლიდერს აირჩევს. ამ ეტაპზე მის სავარაუდო შემცვლელად სახელდება ენდი ბარნჰემი, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში ჩაერთვება. ასევე განიხილება ვეს სტრიტინგის  კანდიდატურაც.

სტარმერის გადადგომა ბრიტანეთის პოლიტიკაში მორიგ მნიშვნელოვან ცვლილებას ნიშნავს – ქვეყანა ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკვე მეშვიდე პრემიერ-მინისტრის შეცვლის პროცესში შედის, რაც ქვეყნის პოლიტიკურ არასტაბილურობაზე მიუთითებს.

სხვა ამბების წაკითხვა