ნიდერლანდებში პირველად განხორციელდა ევთანაზია 12 წლამდე ასაკის მძიმედ დაავადებული ბავშვის მიმართ. ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, სოფი ჰერმანსმა პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში დაადასტურა.
ოფიციალური ინფორმაციით, ბავშვი განუკურნებელი დაავადებით იტანჯებოდა და მისი მდგომარეობა „აუტანელი ტანჯვითა და გამოჯანმრთელების ყოველგვარი პერსპექტივის არარსებობით“ ხასიათდებოდა. კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, ხელისუფლებას არ გაუმჟღავნებია ბავშვის ასაკი, სქესი ან კონკრეტული დიაგნოზი.
ნიდერლანდებში 1-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ევთანაზიის განხორციელება 2024 წლიდან გახდა შესაძლებელი. კანონი ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უშვებს – როდესაც ბავშვი განუკურნებელი დაავადებით იტანჯება, ძლიერი ტკივილი ვერ მცირდება პალიატიური მკურნალობით და ექიმები მიიჩნევენ, რომ მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი აღარ არსებობს. გადაწყვეტილება მიიღება მშობლების, ექიმებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით.
მინისტრის განცხადებით, შემთხვევა ამჟამად გადაეცა პროკურატურას და სპეციალურ სამეთვალყურეო ორგანოებს, რომლებმაც უნდა დაადგინონ, სრულად იყო თუ არა დაცული კანონით განსაზღვრული პროცედურები.
ნიდერლანდები მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევთანაზია 2002 წელს დააკანონა. თუმცა ბავშვებთან დაკავშირებით ეს პრაქტიკა დღემდე მწვავე ეთიკური და საზოგადოებრივი დებატების საგნად რჩება.
წყაროები: ნიდერლანდების მთავრობის ოფიციალური განცხადება, DutchNews, The Times, People
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


