ბოლო ამბები
14/07/2026

ევროპას თავისთვის სხვა ლიბერალიზმი აქვს და ჩვენთვის სხვა – ზვიად ავალიანი

თანამედროვე ლიბერალიზმი ხომ ისედაც ბუნების ანომალია და ცნობიერების გადახრაა, მაგრამ ქართველი ლიბერალები ამ ცდომილებაშიც ყალბები არიან. მაგალითად, თანამედროვე ლიბერალურ ნარატივში ეთნიკური წარმოშობის ცნება საერთოდ ამოღებულია საჯარო დისკურსიდან და მისი ხაზგასმა ფაქტობრივად ფაშიზმის პროპაგანდას უტოლდება.

ამის გამო დღეს, დასავლურ მედიაში დამნაშავის ან ეჭვმიტანილის ეთნიკური წარმომავლობის დაკონკრეტება მედიას შეიძლება ლიცენზიის დაკარგვად დაუჯდეს.”- წერს ჟურნალისტი ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში, რომელიც ევროპულ და ქართულ ლიბერალიზმს შორის რადიკალურ სხვაობებზე საუბრობს.

“მეტიც – საქმე უკვე იქამდეც კი მივიდა, რომ არათუ კონკრეტული პირის წარმომავლობის ხსენებაა აკრძალული, არამედ აკრძალულია ნებისმიერი სტატისტიკის დემონსტრირება (და წარმოებაც კი) ეთნიკური ან რასობრივი ნიშნით, რაც უკვე შეუძლებელს ხდის იმის დადგენას, ვთქვათ, რომელ ჯგუფებში ფიქსირდება მეტი მიდრეკილება ამა თუ იმ ტიპის დანაშაულის მიმართ.

ეს, რასაკვირველია აბსურდია – იდეაში, პრობლემის დამალვით ის არასდროს გვარდება. პრობლემის მოგვარებას ჭირდება სწორედაც რომ ზედმიწევნით ზუსტი დაფიქსირება და წერტილოვანი საგანმანათლებლო თუ სხვა ტიპის ზომები, მაგრამ ამ ინფორმაციის დამალვას ევროპელი ლიბერალები ამართლებენ ეთიკური არგუმენტებით რომ დაფიქსირებამ შესაძლოა ამა თუ იმ ჯგუფის მიმარტ ნეგატიური სტერეოტიპების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი და ა. შ.

ევროპის ისტორიული გამოცდილებების ფონზე შესაძლოა ამ მიდგომაშიც იყოს თავისებური ლოგიკა, მაგრამ ეს პოსტი სხვა თემაზეა.
ქართველი ლიბერალები სინამდვილეში არავითარი ლიბერალები არ არიან.

გავიხსენოთ, თუნდაც ორი დღის წინ როგორ დაათრევდნენ კედლიდან კედელზე და სტუდიიდან სტუდიაში ესტონეთის მოქალაქეების უმსგავსო საქციელის ამსახველ ვიდეოს, რომლებიც რატომღაც მაშინვე, ყოველგვარი წყაროს ან ინფორმაციის გარეშე რუსებად წარმოგვიდგინეს.

შემდეგ, როცა გაირკვა რომ თურმე ესტონეთის მოქალაქეები ყოფილან, დაიწყეს ეთნიკური წარმომავლობით მანიპულირება, რომ თურმე ესტონეთში ბევრი ეთნიკური რუსია და უეჭველად ეგენი იქნებოდნენ, თორემ აბა, “ნამდვილი ესტონელი” ხომ არ დათვრებოდა და ისტორიულ ძეგლს ხომ არ მიაფსამდაო.
მოკლედ, ამ ისტორიაში ყველა ის მეთოდი გამოიყენეს, რომელიც რეალურად ლიბერალურ ევროპაში აკრძალულია და ეთნიკურ ნიადაგზე შუღლისა და სიძულვილის წახალისებად კვალიფიცირდება.

მაგრამ მეორე მხრივ ზუსტად აქ გამოჩნდა მათი რეალური იდეოლოგიაც – სინამდვილეში მათი მიზანი და დავალება არასდროს ყოფილა საქართველოში თუნდაც ჩვენთვის სრულიად უცხო და ანომალიური, გაუკუთმართებული ლიბერალიზმის ღირებულებების დამკვირდება.

სინამდვილეში მათ აქვთ ერთადერთი ფუნქცია და დავალება – აწარმოონ რაც შეიძლება მეტი ზიზღი რუსეთის (და არა მხოლოდ რუსეთის, როგორც სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ზოგადად რუსული ეთნოსის) მიმართ იმ მიზნით, რომ მათმა ბოსებმა მუდმივად შეძლონ საქართველოსა და ქართველი ხალხის გამოყენება რუსეთთან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში.

ამას, როგორც უკვე ვთქვით, თანამედროვე ევროპულ ლიბერალიზმთან საერთო არაფერი აქვს და აქ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ევროპის ორმაგ სტანდარტებში: ევროპას თავისთვის სხვა ლიბერალიზმი აქვს და ჩვენთვის სხვა.

ევროპაში, მაგალითად, დაუშვებელია ქალის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს იგი და როგორი ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეს ევროპას იმ ქვეყანასთან, საიდანაც არის წარმოშობით ესა თუ ის ქალი. ეს ლიბერალიზმის ფუნდამენტს არყევს. ამიტომ ხვალ ევროკავშირმა ირანს ომიც რომ გამოუცხადოს, ევროპული მედია ირანელ ქალს ნეგატიურ კონტექსტში მაინც არ წარმოაჩენს.

საქართველოში ერთი თვეა მთელი ოპოზიციური მედია ბენზინის რიგში მოჩხუბარ რუს ქალებზე ღლიცინებს და სპეციალურად ისეთ ფოტო-ვიდეო მასალას ურთავს, რომ რაც შეიძლება მეტი დამცინავი კომენტარი წაახალისოს.

იმიტომ რომ ქართველი ლიბერალები სინამდვილეში არავითარი ლიბერალები არ არიან. ევროპაში, მაგალითად დაუშვებელია ისტორიის გამოყენება ერთაშორისი შუღლის გასაღვივებლად ჩვენთან ე. წ. პროევროპელები ყოველდღიურად სწორედ ამით არიან დაკავებული და ნამდვილი ევროპელები მათ ამ საქმისთვის ტაშს უკრავენ და ფულს აძლევენ.

ევროპაში რომელიმე ესპანურმა გაზეთმა რომ გამოაქვეყნოს სტატია, მაგალითად, ასეთი სათაურით “რა ბოროტება გაგვიკეთეს არაბებმა 700 წლის მანძილზე” ამ გაზეთს დახურავენ იმიტომ რომ ზუსტად ეს არის ისტორიით მანიპულირება და ისტორიული ფაქტების იმგვარი ინტერპრეტირება, რომ მკითხველში ა-პრიორი აგრესია და სიძულვილი გააღვივოს.

ჩვენთან ევროპის მიერ დაფინანსებული მთელი ე. წ. საბჭოთა კვლევები სწორედ ამ მიზანს ემსახურება და სხვას არაფერს (ელემენტარულად, ამდენი წლის “კვლევის” მიუხედავად ამ დრომდე საბჭოთა პერიოდის არქიტექტურული ძეგლების სიაც კი არ არის შედგენილი) და ნამდვილი ევროპელები მათ ისევ ტაშს უკრავენ და ფულს აძლევენ.

კიდევ ერთი კარგი მაგალითი: ევროპელები სადაც კონფლიქტის მოგვარებით რეალურად არიან დაინტერესებული, მილიონებს დებენ იმაში, რომ დაპირისპირებულ საზოგადოებებს ერთმანეთის კულტურის მიმართ მიმღებლობა გაუჩნდეთ და საერთოდ, მეორე მხარეს ადამიანი და მისი ემოციები დაინახონ. ქართველებს და რუსებს არასდროს ქონდათ ეს პრობლემა – კონფლიქტების მიუხედავად თბილისში რუსულ მუსიკას მაინც უსმენდნენ, ისევე როგორც მოსკოვში მაინც უყურებდნენ ქართულ კინოს. რას აკეთებდნენ ამ დროს ჩვენი ლიბერალები?
ყველაფერს იმის საპირისპიროს, რასაც ევროპელები კონფლიქტების მართვისა და დარეგულირების ტრეინინგებზე გეტყვიან: იმის ნაცვლად, რომ შეისწავლონ ეს მოცემულობა როგორც კონფლიქტის სამომავლო მოგვარების კარგი საფუძველი და წინაპირობა, ისინი ამუნათებენ და მორალურ ტერორს უწყობენ ყველას, ვისაც “თავხედობა ყოფნის” და კონფლიქტის მიუხედავად მაინც აფასებს, მაგალითად, ვლადიმერ ვისოცკის შემოქმედებას.

ალბათ უკვე არ გაგიკვირდებათ, რომ ევროპელი ლიბერალები მათ ამ პროცესშიც მხარს უჭერენ, ტაშს უკრავენ და აფინანსებენ.

ამიტომაც ვამბობ, რომ ევროპას თავისთვის სხვა ლიბერალიზმი აქვს და ჩვენთვის სხვა. ჩვენ დღეს ევროპა ლიბერალიზმის ნაცვლად რეალურად გვთავაზობს პერიფერიული ცნობიერებით გაჟღენთილ პროვინციულ ფაშიზმს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპის ნეოკოლონიალისტურ დამოკიდებულებას საქართველოს, უკრაინისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ.

დაბოლოს, არ მოტყუვდეთ და არ გეგონოთ, რომ ეს ყველაფერი კონფლიქტის შემდეგ გაჩენილი ბუნებრივი აგრესიაა. ეს იდეოლოგია სინამდვილეში წინ უსწრებს კონფლიქტებს და ეს ძალიან კარგად ჩანს უკრაინის მაგალითზე. უკრაინაში 2014 წლამდე არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა, არადა რუსოფობია კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს ატარებდა, ვიდრე ჩვენთან.
პირიქით, ამ იდეოლოგიის დამკვიდრება ემსახურება ზუსტად იმ მიზანს, რომ კონფლიქტი გარდაუვალი გახდეს და მავანმა საზარბაზნე ხორცად გამოგვიყენოს.”- წერს ზვიად ავალიანი.

სხვა ამბების წაკითხვა