პატიომრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავა კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს. მისივე ცნობით, ზოდელავამ ციხეში ყოფნისას ორჯერ მიიღო ინსულტი.
სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური. უწყების ცნობით, ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია.
“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და განმარტავს, რომ
მსჯავრდებულს ინსულტი არ გადაუტანია.
მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას მიერ წარმოდგენილი ჩივილების შესაბამისად, იგი გადაყვანილ იქნა კლინიკა ვივამედში დიაგნოზის დასმის მიზნით, კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად, ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა.
მიუხედავად მსჯავრდებულის მოთხოვნისა, რომ დაბრუნებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში, იგი მოთავსებულ იქნა კლინიკაში შემდგომი დინამიკური დაკვირვების მიზნით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.”– წერს პენიტენციური სამსახური.
მურთაზ ზოდელავა 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

