მე ვუყურე პანაშვიდს – ეკა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე

გაზიარება

მე ვუყურე პანაშვიდს – ასე შეაფასა ეკა ბესელიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძის ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სავიზო სანქცირებას ეხებოდა.

“ასეთი შეგრძნება მქონდა, რომ პანაშვიდს ვუყურებდი. მგლოვიარე ჭირისუფლები ქვეყნის უმაღლეს ინსტანციაში და რა სირცხვილია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვერც კი ხვდება ან თუ ხვდება, როგორ ამბობს ამ ფრაზას, რომ “მადლობა პრემიერო” – აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია და ამას ამბობს სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი ინსტანციის თავმჯდომარე, რომ თქვენ გვერდით დგახართ და მხარს გვიჭერთ.

ამაზე ღია გადაბიჯება კონსტიტუციაზე, რომელიც პირველ რიგში, ამ შტოებს შორის ბალანსსა და წონასწორობაზე საუბრობს. პრემიერის ქმედების სამართლებრივი შეფასება რომ დასჭირდეს სასამართლოს, როგორ უნდა განიხილოს?

როგორ შეიძლება სასამართლოს, რომელზე მაღლაც არაფერი არ დგას, სჭირდებოდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერა “მოდი ახლა გვიშველეთ”. – განაცხადა ეკა ბესელიამ 11 აპრილს, “ფორმულის” გადაცემა “ღამის კომენტარში” სტუმრობისას.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძეს 10 აპრილს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა სასამართლო ხელისუფლებას.

ეს კი მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხი ქართველი მოსამართლისთვის, სავიზო სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო და მიზეზად მათ მიმართ კორუფციის ბრალდება დაასახელა.

 

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *