ბოლო ამბები
12/02/2025

ნინო ჟიჟილაშვილის განცხადება “ფორმულის” ჟურნალისტების სახელით

გაზიარება

ნინო ჟიჟილაშვილმა “ფორმულის” ჟურნალისტების გუნდის სახით გააკეთა განცხადება და გამოეხმაურა BBC-ის ჟურნალისტურ მასალას თაღლითური ქოლცენტრების საქმესა და დავით კეზერაშვილის შესაძლო კავშირებზე.

“რა თქმა უნდა, არხის დამფუძნებლის მიმართ გაჟღერებული მსგავსი ბრალდება სანდო საერთაშორისო პლატფორმიდან, არის შემაშფოთებელი, დამაზიანებელიც, მინიმუმ საკითხის გარკვევამდე;

თუმცა, მანამდე რას ვაკეთებთ?

ჩვენ ვართ მედია, რომელიც ანგარიშვალდებულია თქვენ წინაშე, ჩვენ ვაჩვენებთ ყველაფერს, გიყვებით ყველაფერს, გაძლევთ დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა არის სრულიად თავისუფალი და შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე შეზღუდვის გარეშე, მათ შორის არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის შესახებ გამოქვეყნებულ მძიმე სტატიაზეც.

თქვენ, კრიტიკოსებმაც შეგიძლიათ მოგვაკითხოთ, იქნებ “ქართულ ოცნებასაც” მოუნდეს ამ საკითხზე მაინც სტუდიაში მოსვლა, რომელიც მას კომფორტს ურღვევს. “ფორმულა” ამისთვისაც მზად არის.

მოკლედ, ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც ყოველთვის. საქმეს იძიებენ კვალიფიციური საერთაშორისო სტრუქტურები და  ვნახოთ რა გაირკვევა.

ერთი კი ცხადია, რომ როცა კვალს საქართველოსკენ მოჰყავხარ, გამოძიებას ივანიშვილის კართან ვერავინ შეაჩერებს. ფაქტი, რომ ქოლ-ცენტრები ამ ქვეყნიდან მუშაობდა და მუშაობს დღესაც, სწორედ ხელისუფლების მწვანე შუქით და მისი გვერდითი ჯიბისთვის. ამაზე არაერთი გამოძიებაა გაკეთებული, მათ შორის ერთ-ერთი პირველი გავიდა სწორედ ჩვენს არხზე.

მანამდე კი, ვიდრე დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით რაიმეს იტყვის გამოძიება, ჩვენ უფლებას დავიტოვებთ შევინარჩუნოთ ერთიანობა, “ფორმულა”-ზე მუშაობის სურვილიც, ოლიგარქის რუსული მიზნების გამოაშკარავებისა და კრიტიკის ენთუზიაზმით და ვიმუშავოთ  იმ თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით, რომლის გარანტიც ამ არხზე, ჟურნალისტებთან და მენეჯმენტთან ერთად არიან არხის დამფუძნებლები, მათ შორის დავით კეზერაშვილი.

რა თქმა. უნდა მე მირჩევნია ბრალდება არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ არ დადასტურდეს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გაჩვენებთ, ყველაფერს გაიგებთ ჩევენგან. პროცესშიც და ფინალშიც.

მანამდე, ჩვენ ვართ ერთი დიდი გუნდი, საერთო მიზნებით, საერთო ღირებულებებით, პრინციპული მიდგომებითა და მთავარით, გემსახუროთ თქვენ ნამდვილი ამბებით, მათ შორის ისეთებითაც, რომელზეც ახლა გესაუბრებით, ჟურნალისტური დილემებით, მაგრამ აუცილებლად სწორად მოსაყოლით”- განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა საკუთარ გადაცემაში “პოლიტმეტრი”.

სხვა ამბების წაკითხვა