თურქეთმა მონტენეგროს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩერა. გადაწყვეტილებას ხელი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოაწერა და ის 2026 წლის 27 ნოემბერს თურქეთის ოფიციალურ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
გადაწყვეტილება ეხება მონტენეგროს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ჩვეულებრივი, ე.წ. ბორდოსფერი პასპორტით მოგზაურობენ. მათ თურქეთში შესასვლელად ვიზის აღება მოუწევთ.
ანკარის ეს ნაბიჯი მოჰყვა მონტენეგროს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის 1 ნოემბრიდან თურქეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზო მიმოსვლა გაუქმდა და მათ შესასვლელად ვიზის მიღება სჭირდებათ.
ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება 2008 წლის 18 იანვარს გაფორმდა და თითქმის 18 წლის განმავლობაში მოქმედებდა. თურქეთის პრეზიდენტის ახალი გადაწყვეტილებით, შეთანხმების ის ნაწილი შეჩერდა, რომელიც მონტენეგროს ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელ მოქალაქეებს თურქეთში უვიზოდ შესვლის უფლებას აძლევდა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის გადაწყვეტილება არ ეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და სპეციალური პასპორტების მფლობელებს, რომელთათვისაც არსებული რეჟიმი უცვლელი რჩება.
ამასთან, თურქეთის საპასუხო გადაწყვეტილება არ ცვლის თურქეთის მოქალაქეებისთვის მონტენეგროში შესვლის წესებს – მათ კვლავ მოუწევთ მონტენეგროს მიერ დაწესებული სავიზო მოთხოვნების შესრულება.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დარჩება ძალაში თურქეთის ახალი გადაწყვეტილება.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს





