ბოლო ამბები
06/10/2024

ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დარჩა

გაზიარება

7-9 მარტის საპროტესტო აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე მისთვის 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლევას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, გრიგორიადისმა 2023 წლის  7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს-სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სხვა ამბების წაკითხვა