“როგორც ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, ზრდასრული მოსახლეობის 6 პროცენტი საკუთარ თავს მიაკუთვნებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონედ”- წერს დამოუკიდებელი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში და ეხმიანება პარტია “ევროპელი სოციალისტების” ლიდერ ფრიდონ ინჯიას ინიციატივას საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით.
“ქართული ოცნების” წაქეზებით ბნელების მარშის თეზისებმა ქუჩიდან პარლამენტში გადმოინაცვლა და ერთი ოდიოზური პარტიის მიერ დღეს ე. წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა დაანონსდა.
მანამდე თურმე პუტინისტების “ალტ-ინფოსაც” ჰქონია მსგავსი კანონპროექტი ინიცირებული და ახლა უპირებენ მას გაცოცხლებას.
როგორც ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, ზრდასრული მოსახლეობის 6 პროცენტი საკუთარ თავს მიაკუთვნებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონედ. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენს 150 წევრიან პარლამენტში დაახლოებით 9 კაცი( ქალი) ამ კატეგორიის პირებს წარმოადგენენ.
სტატისტიკა ზუსტი მეცნიერებაა და ეს რიცხვი ერთნაირად სწორია მეჩაიეებისათვის, მეშახტეებისათვის თუ ხმოსან-დეპუტატებისათვის. ამიტომ უნდა ველოდოთ დიდ პროტესტს ამ კანონპროექტის წინააღმდეგ საპარლამენტო უმრავლესობის, ანუ ოცნების წევრების მხრიდან, რადგან ამ ლოგიკით, სწორედაც რომ უმრავლესობაში უნდა იყვნენ მეტი უმცირესობები.
საზოგადოების ჰუმანიზაციის პროცესი პოლიტიკის სფეროშიც აისახა. თუ ბერლინის მერი ან ამერიკის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი არ მალავს თავის ორიენტაციას, ჩვენს მაჟორიტარს რომელიმე მაღალმთიანი რეგიონიდან რატომ უნდა ერიდებოდეს ამის გამჟღავნების? ამიტომაც ღიად აპირებენ ამ დისკრიმინაციული კანონპროექტის წინააღმდეგ გალაშქრებას.
ყოჩაღ! ასე არ სჯობს? ბუნება ყოველთვის იმარჯვებს რეპრესიულ საზოგადოებრივ ტრადიციებზე და მორალზე . დავიცავთ კონსტიტუციას და ჩვენს კოლეგა-დეპუტატებს. არავის დავაჩაგვრინებთ მათ”- წერს რომან გოცირიძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს