რეპერ “მასტერი”-ს სიმღერას, რომელიც ლევან ბერძენიშვილს მიეძღვნა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.
ვიდეოს ატვირთვიდან რამდენიმე საათში მას 80 ათასამდე ნახვა აქვს და როგორც მუსიკოსი ამბობს, მის წინააღმდეგ დაიწყო დეზინფორმაციის კამპანია.
რის თქმა სურს”მასტერს” საზოგადოებისთვის და რა დეზინფორმაცია გაუვრცელეს მას? – ამ და სხვა საკითხებზე Multimedia.ge მუსიკოსს დაუკავშირდა.
მოისმინეთ:
Multimedia.ge – პირველ რიგში სიმღერის შესახებ რომ გვითხრათ, რამ გადაგაწყვეეტინათ, რომ ლევან ბერძენიშვილისთვის, ასე ვთქვათ, მიგეძღვნათ, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მის თანამოაზრეებში?
Masteri – სიმღერა, ჩემი აზრით, თავიდან ბოლომდე არის კონსტრუქციული კრიტიკა, ოღონდ ნამდვილი კრიტიკა და არა ის, რასაც ბატონი ლევან ბერძენიშვილი იყენებს. შეიძლება გააკრიტიკო საზოგადო მოღვაწეც, მეფეც, მაგრამ ამას აქვს თავის ფორმა, როდესაც შენ ახსენებ სიტყვებს: დეგენერატი და გამყიდველი, ეს უკვე არ არის კრიტიკა. ეს იყო ჩემი პროტესტი და ის, რომ ადამიანი სტუდენტებს ლექციაზე ეუბნება სრულიად აბსურდს, რომ ევროპის საზოგადოების განათლებული ნაწილი არ აღიარებს ღმერთს. ამან გამოიწვია ჩემში გულისწყრომა და ჩავწერე სრულიად კონსტრუქციული სიმღერა, სადაც ვეუბნები: “ბატონო ლევან”..
Multimedia.ge – როგორც ვიდეომიმართვაში თქვით, ამ სიმღერის გამოსვლის შემდეგ დაიწყო დეზიფორმაციის კამპანია თქვენ წინააღმდეგ, კონკრეტულად რა დეზინფორმაციაზეა საუბარი?
Masteri – სიმღერის გამოსვლიდან დაახლოებით 1 საათში, ერთ-ერთმა ყალბმა “ექაუნთმა” (ანგარიშმა) ვითომ გოგო წერდა, რომ მის არასრუწლოვან დას ვესაუბრებოდი მე და იყო ყალბი “სქრინი”, რომელიც იყო ძალიან სუსტი “ფეიკი”, სადაც ჩანდა, ვითომ ეს მიმოწერა 2021 წელს იყო და ვითომ მაშინ მყავდა 170 ათასი გამომწერი, აქედანაც ჩანს, რომ ეს არის სრული სიცრუე იმიტომ, რომ 170 ათასი გამომწერი გახდა 2 თვის წინ.
წავედი, დავწერე განცხადება, მივმართე შესაბამის ორგანოებს, რომ გამოეძიებინათ, თუ ვინ იყო ამ ცილისწამების უკან. დღეს რომ ვნახე, უკვე აღარ არსებობს ეს ფეისბუქ პროფილი, შეიძლება შეეშინდა და უბრალოდ გაქრა.
Multimedia.ge – რას გვეტვით ერთ-ერთი რადიოსადგურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაზე, რომ ის თქვენ სიმღერას აღარ გაუშვებს ეთერში მას შემდეგ, რაც ეს სიმღერა მოისმინა?
Masteri – ამას ჰქვია ცენზურა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ზღუდავ არტისტს იმის გამო, რომ მას აქვს თავისი მოსაზრება, რომელსაც ჩემი აზრით, იზიარებს უმრავლესობა და ფაქტია, რომ ასეა, მაგრამ თვითონაც განაცხადეს, რომ კერძო კომპანიაა, უნდათ გაუშვებენ, უნდათ არ გაუშვებენ ჩემ სიმღერას. მე არაფერს არ დამაკლებს, განა იმიტომ, რომ მე ამ რადიოს ვაკნინებ, არა, რა თქმა უნდა, ყველა რადიო ჩემთვის ძვირფასია, სადაც ჩემი სიმღერები ჟღერდება, უბრალოდ ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ “მაქენსელებენ” (უარყოფა) ეს მათ ცენზურაზე მეტყველებს, არანაირი პრობლემა, წარმატებებს ვუსურვებ.
Multimedia.ge – სიმღერაში აქცენტი გაქვთ ასევე 7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე, რა დროსაც მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს, რას გვეტყვით ამ აქციებზე, თქვენი პოზიცია როგორია?
Masteri – მოლოტოვის კოქტეილს ვახსენებ იქიდან გამომდინარე, რომ ბატონ ლევანს მივმართავ – “ბატონო ლევან, მითხარით, რა არის პროტესტის ფორმა, მოლოტოვ კოქტეილს გვთავაზობთ? გინდათ ეს იყოს ნორმა? – ანუ, ვეკითხები უბრალოდ და ამ კონტექსტში ვახსენებ.
აქციის შინაარსში არ შევალ იმიტომ, რომ ვფიქრობ, დემოკრატიულ სახელმწიფოში და არამარტო, ყველგან, ადამიანებს უფლება აქვთ გააპროტესტონ ყველაფერი, თუნდაც იყოს აბსურდული თემა, ყოველთვის მხარს დავუჭერ, მაგრამ არა სახელმწიფოზე მიმართულ ძალადობრივ აქციას, სადაც ესვრიან მოლოტოვის კოქტეილს ფორმიან ახალგაზრდას, ჯარისკაცებს, ჩვენ მეგობრებს, დებს, ძმებს. ზოგადად, რევოლუციური და სისხლიანი გადატრიალების მომხრე არ ვარ. მე ვფიქრობ, მოვა არჩევნები, შემოხაზავ სხვა პარტიას, გაიმარჯვებს სხვა პარტია და იქნები ბედნიერი
Multimedia.ge – და ბოლოს, ტექსტის კონტექსტი არის პოლიტიკური შინაარსის და საუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე, რას გვეტყვით ამ პარტიაზე? როგორია თქვენი პოზიცია?
Masteri – გულისხმობთ ალბათ, სიმღერის ბოლოს ჩასმული მაქვს ინტერვიუ, თუ არ ვცდები 2012 წლის ინტერვიუდან არის ამოჭრილი, სადაც ბატონი ლევანი საუბრობს ამ პარტიაზე, მე აქ ხაზი გავუსვი უფრო იმას, რომ ადამიანი, ასე რადიკალურად საუბრობს ერთ პარტიაზე [ნაციონალურ მოძრაობაზე] და რამდენიმე წლის შემდეგ ხდება მისი აქტიური მხარდამჭერი, ეს კი, მის სუსტ პრინციპებზე მეტყველებს და ამაზე მსურდა გამესვა ხაზი.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვფიქრობ, ძირითადად ბატონ ლევანის მოსწავლეები მაკრიტიკებენ, თუ გნებავთ ირიბად ჩავთვალოთ “მოსწავლეეები”.. ვფიქრობ, მათ ჩემზე მეტი წიგნი აქვთ წაკითხული, თუმცა, ქართულ ლიტერატურას ალბათ ისე არ კითხულობენ, რადგან, ძალიან მწირი ლექსიკა აქვთ, ხშირად მიმართავენ უცენზურო სიტყვებს, რომელიც ყველანაირ კრიტიკას სცდება და ლანძღვა-გინება აღარ არის საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.
მე თუ შევძელი, ნაკლებწიგნწაკითხულმა ბიჭმა ჩემი აზრისა და კრიტიკის დაფიქსირება კონსტრუქციულ ჩარჩოებში, მათაც მოვუწოდებ, რომ უბრალოდ, ზრდილობისა და ეთიკის ნორმები დაიცვან.
ისე კი, უამრავი ადამიანი მხვდება და მეუბნება, რომ სწორ აზრზე ვარ და ჩემთვის, ადამიანების სიყვარული გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე, რაღაც ჯგუფის “ჰეითი” {ზიზღი}, თუმცა, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, ვერ გეტყვით, რომ არაფერს არ ნიშნავს, ყველა კომენტარი, რომელიც არის ნეგატიური, გულზე გხვდება ადამიანს, მაგრამ, ადამიანებს აქვთ განსხვავებული პოზიცია.
ესაუბრა: გიორგი ლაღიძე
იხილეთ ვიდეო “მასტერის” ახალ სიმღერაზე:
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს